აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსთან მოქალაქეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოსთან მოქალაქეებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს სხდომის პარალელურად, ხმაურია შენობის გარეთ. ადგილზე მყოფი მოქალაქეების ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუპირისპირდა.

ისმის ურთიერთბრალდებები იმის შესახებ, თუ ვინ გამოიწვია ხმაური მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე.

„მე ვარ რიგითი მოქალაქე, სიტყვის თავისუფლებას მაშინაც ვიცავდი, როცა აჭარის ტელევიზიას ლამის არბევდნენ, ახლაც მინდა სიტყვის თავისუფლება, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს ყველა პარტიისგან თავისუფალი, ყველა გავლენისგან შორს, მე მუყაოს ქალაქში ვცხოვრობ და მხოლოდ ზოგიერთების დარეკვის შემდეგ მოდიან ჟურნალისტები, ჩვენ რომ ვრეკავთ, მაშინ არა“,- ამბობს მოქალაქე ნარგიზ ბოლქვაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული მოქალაქეები სხდომაზე მმართველმა გუნდმა გამოიძახა.

„რა მნიშვნელობა აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენლები იქნებიან აქ, ყველას გვაინტერესებს, რა გადაწყვეტილებები მიიღება მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“, როგორც სჩვევია, მოგვისია ტიტუშკები ამ ქალების სახით“,-  განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხალვაშმა.

მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ცოტა ხნის წინ იქ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.