გიორგი კლდიაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც უმცირესობა ხელმძღვანელობს
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი და გამოცდა, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) დამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა ხორავას ქუჩაზე მკვლელობასთან საქმის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ კომისიის უმრავლესობაში უმცირესობაა წარმოდგენილი და მას ოპოზიციის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს, კომისიის მიმართ საზოგადოების მაღალ ნდობას იწვევს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია და მნიშვნელოვანია, რომ დაკომპლექტებულია უმრავლესობით უმცირესობის მხრიდან და ხელმძღვანელობს უმცირესობა. ეს არის ძალიან დემოკრატიული და პოზიტიური ნაბიჯი იმ თვალსაზრისით, რომ ნდობა ასეთი კომისიის მიმართ იქნება მაღალი. რაც შეეხება სახალხო დამცველის განცხადებას, მე მაღალი ნდობა მაქვს სახალხო დამცველის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან დეტალურად გაეცნო ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საკითხს და მას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს ამ თვალსაზრისით. სახალხო დამცველის ობიექტურობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. ჩემი კითხვები ეხება იმას, რამდენად მიუკერძოებელი იქნება გამოძიება, გამოვლენილი იქნება თუ არა სავარაუდო დარღვევები თუ დანაშაულის დაფარვის მცდელობა”, – განაცხადა კლდიაშვილმა.
მისივე თქმით, პროტესტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არის, საფუძვლიანია.
„ვფიქრობ, რომ კომისია, რომელიც ამ საკითხს დეტალურად გამოიძიებს, დადებს დასკვნას, რომელშიც პასუხი იქნება გაცემული ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი და გამოცდა, რომელსაც პარლამენტმა უნდა უპასუხოს, რადგანაც ნდობა ამ თვალსაზრისით არის მაღალი. იმედი არ უნდა გაუცრუონ საზოგადოებას”, – განაცხადა კლდიაშვილმა.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა. შესაბამის დადგენილებას და კომისიის შემადგენლობას კენჭი დღევანდელ გუშინდელ სხდომაზე უყარეს. კომისია 17 წევრისგან შედგება, სადაც ცხრა წარმომადგენელი „ევროპული საქართველოდანაა“, ექვსი – „ქართული ოცნებიდან“, ერთი – „პატრიოტთა ალიანსიდან“. ასევე, კომისიაში წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, „ნაციონალურმა მოძრაობამ” კი, კომისიაში გაწევრიანებაზე უარი თქვა. კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატი სერგი კაპანაძეა.