გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობ, ოპოზიციასთან უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე პოზიციები გარკვეულწილად დაახლოვდა
გიორგი ხელაშვილი - ვფიქრობ, ოპოზიციასთან უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე პოზიციები გარკვეულწილად დაახლოვდა

ამ ეტაპზე ოპოზიციასთან შედგა იდეების საინტერესო გაცვლა. ვფიქრობ, პოზიციების დაახლოება გარკვეულწილად მოხდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და მმარვთველის პარტიის კონსულტაციებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია არის მკაცრი პოზიციის გამომხატველი უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

„იმედი გვაქვს, რომ მივაღწევთ საბოლოო საერთო ენას ამ რეზოლუციაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ერთიანი სახელმწიფოებრივი პოზიციის გამოსახატად. ძირითადად იყო სარედაქციო ხასიათის შენიშვნები, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული ტერმინების, ენის, გამონათქვამების დახვეწას. საუბარი იყო ე.წ. სარეზოლუციო ენის გამოყენებაზე, თითქოს არსებობს რაღაც სპეციალური ტერმინოლოგია. ამას შევხედავთ და ვნახავთ, რა იქნება ყველაზე უფრო მისაღები. იმედი მაქვს, საერთო პოზიციის დაფიქსირებას შევძლებთ იმისთვის, რომ ხელი არ შევუშალოთ კონსულტაციების პროცესს, შინაარსობრივ მხარეს ამ ეტაპზე თავი დავანებოთ. რაც შეეხება საერთო სულისკვეთებას, რეზოლუცია არის მკაცრი პოზიციის გამომხატველი უკრაინის დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ხელაშვილმა.

პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები დღეს გაიმართა. პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.