გიორგი ხატიძე - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ინიცირებულ კანონპროექტს გაეცნენ. კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ევროპელ სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, კერძოდ სახელმწიფო შესყიდვების, რეკლამის განთავსების და მაუწყებლობის სახელმწიფო დაფინანსების საკითხები გააცნეს და მათი მხრიდან რეკომენდაციები და ევროპული ქვეყნების პრაქტიკასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.
„ევროპის მაუწყებელთა კავშირი ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის ქვეყნებში აერთიანებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავს ორგანიზაციებს, ანუ იმ მაუწყებლებს, რომლებსაც ჩვენი საზოგადოებრივი მაუწყებელის ანალოგიური ორგანიზაციული-სამართლებრივი ფორმა აქვთ.
შეხვედრაზე განვიხილეთ შესაბამისი საკითხები, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებს, რეკლამის განთავსებას, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსებას შეეხება. ევროპელი სტუმრების მხრიდან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მათი რეკომენდაციები, რჩევები და შეფასებები და გავეცანით იმ პრაქტიკას, რაც ევროპის მსგავს ორგანიზაციებშია დანერგილი. მსჯელობისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილებები სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფის წევრმა გიორგი ხატიძემ.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას გიორგი ვოლსკი, დავით მათიკაშვილი, ისკო დასენი და დავით ჭიჭინაძე დაესწრნენ.