გიორგი ხატიძე - საკანონმდებლო ცვლილებებით ისეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს მივიღებთ, რომელიც ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება
საკანონმდებლო ცვლილებებით ისეთ მაუწყებელს მივიღებთ, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს და იმ საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება, რომელსაც ევროპის ქვეყნებში არსებული მაუწყებლები იზიარებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ პარლამენტში, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე პირველი მოსმენით მსჯელობენ.
გიორგი ხატიძის განმარტებით, ინიციატორებმა „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტიდან ორი საკითხი გაიწვიეს – პირველი ცვლილებები ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული იყო გარკვეული გამონაკლისები, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ეძლეოდა, ისეთ საკითხებზე როგორიცაა გარკვეული პროგრამები, ინოვაცია და ტელეპროგრამებთან დაკავშირებით ახალი მიდგომები, ეს საკითხები დახურულიყო და ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო. მისივე თქმით, მეორე გამოთხოვილი საკითხი საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებებს ეხებოდა.
„ეს საკითხი განპირობებულია იმ მდგომარეობით, რომ მსჯელობის ეტაპზე მოსაზრება გაჩნდა, რომ ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაბამის საბიუჯეტო საკითხებთან დაკავშირებით, საბიუჯეტო კანონმდებლობიდან გადიოდა და ეს ცვლილებები პაკეტიდან უკან გამოვითხოვეთ“, – განაცხადა ხატიძემ.
მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავს, რომ ის საკანონდებლო ბაზა შეიქმნას, რომელიც ხელს სამართლებრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირებას შეუწყობს.
„ჩვენ ისეთ მაუწყებელს მივიღებთ, რომელიც საზოგადოების მოთხოვნებს პასუხობს და იმ საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება, რომელსაც ევროპის ქვეყნებში არსებული მაუწყებლები იზიარებენ. ამასთან, გეტყვით, რომ მოცემულ ცვლილებებზე აქტიური შეხვედრები მიმდინარეობდა ევროპის მაუწყებელთა კავშირთან და ისინი საქართველოს პარლამენტშიც იმყოფებოდნენ, სადაც ყველა ის საკითხი განვიხილეთ, რომელიც საკანონმდებლო პაკეტს შეეხება. ჩვენ ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ წარმოდგენილი არაერთი დასკვნა გვაქვს ისევე, როგორც ევროსაბჭოს დასკვნა“, – დასძინა ხატიძემ.
კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.
ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.
ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება.
საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.