გიორგი ხარაიშვილმა ახალ კლუბში პირველი გოლი გაიტანა. შვედური „გეტებორგის“ 21 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ეს “ბრომაპოიაკარნასთან” ამხანაგურ შევხვედრაში მოახერხა.
შეხვედრა “გეტებორგმა” 3:0 მოიგო, ხარაიშვილი კი მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა და 86-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„საქართველოში გოლეადორული თვისებით ცნობილმა გიორგი ხარაიშვილმა დღეს კარგად აჩვენა, თავის ქვეყანაში სახელი რა თვისებების ხარჯზე დაიმკვიდრა“ – წერს „გეტებორგის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
„გეტებორგის“ მთავარი მწვრთნელის, პოია აგსბაგის განცხადებით, ხარაიშვილი ჭკვიანი მოთამაშეა.
„გიორგი ჭკვიანი მოთამაშეა და მოედანზე „აფეთქება“ ეხერხება. კარგი დრიბლიგი გააჩნია და მარჯვენა ფეხით ჩინებულად არტყამს. მისი თამაშიდან სიამოვნების მიღება შეიძლება“, – აცხადებს პოია აგსბაგი.
უახლოეს დღეებში, ხარაიშვილი საქართველოში დაბრუნდება და ახალგაზრდული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მოემზადება. საქართველო ფარერის კუნძულებს 23 მარტს უმასპინძლებს, ხოლო დანიას – 27 მარტს.
ქართველმა ნახევარმცველმა “გეტებორგში” სადებიუტო მატჩი 11 მარტს შვედეთის თასზე ჩაატარა, სადაც მისი გუნდი “მალმიოსთან” 0:1 დამარცხდა.