გიორგი ხანიშვილი - სურსათის ეტიკეტირების ახალ რეგულაციებზე ბიზნესსექტორი ინფორმირებული იყო, ამიტომ გაუგებარია, რატომ ითხოვენ დამატებით დროს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სურსათის ეტიკეტირების ახალ რეგულაციებზე ბიზნესსექტორი ინფორმირებული იყო, შესაბამისად, ხანიშვილისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს ბიზნესი კიდევ დამატებით დროს. მინისტრის მოადგილის თქმით, ბიზნესის მხრიდან არაორგანიზებულობა გამოიკვეთა.
„იცით, რომ აღნიშნული რეგულაცია მიღებულია მრავალი წლის წინ, ეს არ არის რამდენიმე თვის ამბავი და ბიზნესსექტორმა კარგად იცოდა ამ რეგულაციების არსებობა, რაც ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე გამართულ შეხვედრებზე დაადასტურეს. მათ თქვეს, რომ იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ, მზად იყვნენ, უბრალოდ სჭირდებოდათ ძალიან მცირე დამატებითი დრო, რომ ცალკეული პრობლემები მოეგვარებინათ. საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა და მისცა დამატებითი დრო. ამავე დროს, სამინისტრომ დააზუსტა ცალკეული პუნქტები, სადაც არ იყო არაფერი უცნობი და ახალი რეგულაცია ამ დაზუსტებას არ შემოუტანია. როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს, რომ ეტიკეტირების წესი უნდა ადგენდეს მომხმარებლის ინტერესზე მორგებულ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები არის როგორც ქართველი მომხმარებლის, ისე საერთაშორისო სფეროში აღიარებული მოთხოვნები და არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის.
ომბუდსმენმა მიმართა პრემიერ-მინისტრს, გვაქვს დიალოგი. უბრალოდ, მინდა ყველამ კარგად იცოდეს, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნამდვილად იძლეოდა ადეკვატურ დროს, რომ ბიზნესს რეაგირება მოეხდინა. საბოლოო გადაწყვეტილება ორმხრივი ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული” – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიებისთვის „მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტი 2018 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. თუმცა ბიზნესსექტორის თხოვნით, ვადა ექვსი თვით, 2019 წლის პირველ მარტამდე გახანგრძლივდა.
რამდენიმე დღის წინ, ბიზნესმენებმა მოითხოვეს, ტექნიკური რეგლამენტი წლის ბოლოდან ამოქმედდეს. ამის მიზეზად მოსალოდნელი ფინანსური პრობლემები დაასახელეს. მათი განცხადებით, 2018 წლის 31 ოქტომბრის N519 დადგენილების საფუძველზე, ზემოაღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტში დამატებით განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2018 წლის 5 ნოემბერს ამოქმედდა და რომლის თანახმად, ისევ შეიცვალა პროდუქტის ეტიკეტირების რიგი წესები. მათ შორის, ცვლილებები შეეხო პროდუქტზე ვადების შესახებ ინფორმაციას, რამაც ბიზნესსექტორი ახალი გარემოებებისა და ტექნიკური მოთხოვნების ახალი ცვლილებების წინაშე დააყენა.