გიორგი ხანიშვილი - ქართველების მიერ ამერიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა მოდელმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა და აზიურ მავნებელთან ბრძოლაში დიდი წარმატება გვაქვს
გიორგი ხანიშვილი - ქართველების მიერ ამერიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა მოდელმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა და აზიურ მავნებელთან ბრძოლაში დიდი წარმატება გვაქვს

სიამაყით მინდა, აღვნიშნო, რომ ქართველების მიერ ამერიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებულმა მოდელმა მსოფლიო აღიარება ჰპოვა და აზიურ მავნებელთან ბრძოლის კუთხით გვაქვს დიდი წარმატება, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საერთაშირისო კონფერენციის „აზიური ფაროსანა – გლობალური გამოწვევა“ დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენი ფერმერები ხედავენ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული, მკვეთრად შემცირებულია აზიური ფაროსანას რაოდენობა, მკვეთრად შემცირებულია ის ზიანი, რაც მავნებლით შეიძლებოდა, მისდგომოდა თხილის ფართობებს. მსოფლიო მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველოში არსებული პრაქტიკა ფაქტობრივად უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. მათი შეფასებაა, რომ მსოფლიომ უნდა შეიმუშაოს ის მიდგომები, რაც საქართველოში ჩატარდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ბრძოლაში იყო ჩართული. მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მოსახლეობასთან ერთად, შეძლო დროის უმოკლეს ვადაში გამკლავებოდა პრობლემას, რომელსაც ჩვენზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ათწლეულები მოანდომეს და ჯერ კიდევ ვერ მიიღეს ასეთი შედეგები“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპისა და ავსტრალიის წამყვანი ენტომოლოგები იმყოფებიან. საერთაშორისო სამეცნიერო მისიის მიზანი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარებაა. საერთაშორისო კონფერენციაში – „აზიური ფაროსანა – გლობალური გამოწვევა“ ასევე მონაწილეობენ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლები, საქართველოს სამეცნიერო წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო​ს (USAID) მხარდაჭერით იმართება და მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო მასპინძლობს.