გიორგი ხანიშვილი - ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არის, დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება
ცალსახად და დაბეჯითებით შემიძლია ვუთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ სასურსათო მარაგებთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ არის. მოვუწოდო მათ, ნუ ქმნიან ხელოვნურ აჟიოტაჟს. ამით ისინი აძვირებენ პროდუქციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ის ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც გუშინ შეიქმნა დიდი პანიკის გამო, დღეს აღმოფხვრილია.
ხანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება.
„მესმის, რომ გარკვეულწილად მათ მოლოდინები აქვთ, მაგრამ პროდუქციის დეფიციტზე ნამდვილად არ არის საუბარი. სასაწყობო მეურნეობები, ტვირთი გზაში, დადებული ხელშეკრულებები – ყველაფერი უზრუნველყოფს ქვეყნის ცალსახა და წარმატებულ მომარაგებას. ის ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც შეიქმნა გუშინ დიდი პანიკის გამო, დღეს აღმოფხვრილია. დღევანდელი ემოციური ფონი შენარჩუნებულია, მაგრამ გუშინდელთან შედარებით სანახევროდაც არა. ვფიქრობ, ეს ხვალ და ზეგ საერთოდ გადაივლის და მიხვდებიან ადამიანები, რომ იყიდეს ტომრებით ფქვილი, მაგრამ რად უნდათ არ იციან, ტომრებით შაქარი, რად უნდათ არ იციან. პანიკა ძალიან ცუდი მრჩეველია. თქვენ თუ დააკვირდებით, გუშინ დილისთვის ჯერ კიდევ ძირითად სავაჭრო ქსელებში იყო აბსოლუტურად იგივე საფასო პოლიტიკა, რაც ბოლო ერთი თვის მანძილზე. ხელოვნურმა აჟიოტაჟმა გამოიწვია ცალკეულ ჯგუფებზე ემოციური ფასწარმოქმნის მექანიზმები და ძალიან სწრაფი გაძვირება. ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა დავიწყეთ მაშინვე, როგორც კი დაიწყო საომარი ვითარება და შემდეგში ჩვენ არაერთგზის გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა ტვირთის შემომტანთან. გუშინ კიდევ იყო ორგანიზებული შემომტანებთან და დიდ სავაჭრო ქსელებთან შეხვედრა და მათ დაადასტურეს, ჩვენც წავედით და გადავიღეთ კამერებით და ჩვენც დავადასტურეთ, რომ სადმე სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება“, – განაცხადა ხანიშვილმა.