გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ 25 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ გაიზრდება
გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ 25 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ გაიზრდება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ 25 სექტემბერს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

4 სექტემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7 პროცენტამდე გაიზარდა.

„კომიტეტის რიგგარეშე სხდომა პირველად იმართება, იმის მიუხედავად, რომ არანაკლები კრიზისული პერიოდები გადაუტანია ქვეყანასაც და ეროვნულ ბანკსაც. 4 სექტემბერს განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა. დამატებით გაზრდა გამოიწვევს იმას, რომ დაახლოებით 100 ათას ადამიანს გაეზრდება სესხის მომსახურების პროცენტი და შემცირდება ეკონომიკური ზრდაც“, – ამბობს კეპულაძე.

მისი განცხადებით, 4 სექტემბრის შემდეგ ეკონომიკაში რამე მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა, თუმცა რიგგარეშე სხდომის გამართვა, სავარაუდოდ, ინფლაციას უკავშირდება.

„რამდენად საჭირო და დროულია განაკვეთის დამატებით გაზრდა – ამაზე შეგვეძლება საუბარი მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება გადაწყვეტილება. არც ტურიზმის მიმართულებით არის რამე მნიშვნელოვანი შემცირება, საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება და დეფიციტი მცირდება. შესაბამისად, ასე მოკლე ვადაში განაკვეთის გაზრდის განსაკუთრებულ საჭიროებას ვერ ვხედავ. თუმცა, რაც შეეხება ინფლაციას, ძალიან გაძვირებულია სურსათი, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების პროდუქცია“, – აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

25 სექტემბერს, ოთხშაბათს, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.