გიორგი კეპულაძე - დოლარში დაკრედიტების გაზრდა ლარის კურსზე დადებითად აისახება
უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემაზე 200-ათასიანი ზღვარის შემცირება 100 ათას ლარამდე სწორი ნაბიჯია, – ამბობს „საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.
კეპულაძე ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად დოლარში დაკრედიტება გაიზრდება, რაც დადებითად აისახება ეკონომიკურ აქტივობასა და ეროვნული ვალუტის კურსზე.
„ფაქტია, რომ„ ქართული ოცნებას“ კიდევ ერთხელ უწევს თავისივე გაფუჭებულის გამოსწორება. 200 ათას ლარამდე უცხოურ ვალუტაში სესხების აკრძალვამ არ გამოიწვია ის დადებითი შედეგი, რასაც ელოდა, მაგალითად, წინა პრემიერ-მინისტრი. პირიქით, უარყოფითი ფაქტორი მივიღეთ. ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც შესაძლოა, ლარზე ზეწოლა მოახდინა და ეკონომიკა შეამცირა არის ის, რომ დოლარში დაკრედიტება მთლიანობაში შემცირდა. ლარში კი რესურსი, სამწუხაროდ, უფრო ძვირია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში და ამან არ მოგვცა კარგი შედეგი“, – აღნიშნავს კეპულაძე.
თუმცა, მისივე თქმით, ეკონომიკური აქტივობის გაზრდისთვის და ლარის კურსის გამყარებისთვის მთავრობამ სხვა ნაბიჯებიც უნდა გადადგას.
მთავრობა უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხების 200-ათას ლარიანი ზღვარის შემცირების საკითხს განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს დაავალა, საკითხი განსახილველად მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგინოს.
ფიზიკურ და იურიდიულ პირებს 200 ათას ლარამდე სესხის აღება მიმდინარე წლის იანვრიდან მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში შეუძლიათ. თავდაპირველად, აღნიშნული ზღვარი 100 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა 2018 წლის ბოლოს მიღებული ცვლილებებით, ზღვარი 200 ათას ლარამდე გაიზარდა.