გიორგი კეკელიძე - მოტაცება და ნაადრევ ასაკში ძალადობრივი ქორწინება ზოგადი პრობლემაა და არ მიეკუთვნება არც ერთ კონკრეტულ ეთნოსს
გიორგი კეკელიძე - მოტაცება და ნაადრევ ასაკში ძალადობრივი ქორწინება ზოგადი პრობლემაა და არ მიეკუთვნება არც ერთ კონკრეტულ ეთნოსს

მოტაცება და ნაადრევ ასაკში ძალადობრივი ქორწინება ზოგადი პრობლემაა და ეს არ მიეკუთვნება არც ერთ კონკრეტულ ეთნოსს თუ კონკრეტულ რეგიონს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა, გიორგი კეკელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ზოგადი პრობლემაა. განსაკუთრებით – მოტაცება და ნაადრევ ასაკში ძალადობრივი ქორწინება. ძალადობა არის ძალადობა და ცხადია, მას თავისი სახელი უნდა დაერქვას“, – განაცხადა კეკელიძემ.

მისი თქმით, ტაბუები ერთბაშად არ ირღვევა და ამას ერთმანეთთან ხშირი საუბარი სჭირდება და არა ერთმანეთის ბნელ და ნათელ მხარეებად დაყოფა.

„მთავარი ამბავი არის განათლება, განათლების ზუსტი ვექტორი და შესაბამისად, ამ განათლების მონიტორინგი. რეალურად, ეს არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც ერთგვარად, ბეწვის ხიდსაც ჰგავს. ეს ბეწვის ხიდი ერთი მხრივ, გულისხმობს რაღაც ტიპის კულტურულ ტაბუებს, რომელთა ნაწილი ძალიან დასაფასებელია, ნაწილი კი უკვე მოძველებული. მეორე მხრივ, ბუნებრივია, ეს ტაბუები ერთბაშად არ ირღვევა. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან აუცილებელი, ხშირი საუბარი და არა ერთმანეთის ბნელ და ნათელ მხარეებად დაყოფა. ვფიქრობ, ეს არის აუცილებელი და გადამწყვეტი ამბავი, რომელიც უნდა გავაკეთოთ და უმთავრესი პრობლემა, რომელიც გვაქვს. უმეტეს შემთხვევაში, ჩვენ არ ველაპარაკებით არავის, არც რეგიონებში და არც სხვაგან“, – განაცხადა კეკელიძემ.

ამ განცხადებით გიორგი კეკელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა განაპირობებს საქართველოში ნაადრევი ქორწინებების სიმრავლეს და სად უნდა ვეძებოთ პრობლემის სათავე.

მისი თქმით, ბუნებრივია, გოგონა, რომელიც დღეს და ახლაა მსხვერპლი, ვერ დაელოდება იმ შედეგებს, რაც განათლების რეფორმას გრძელვადიან პერპექტივაში აქვს და აქ, კანონი ძალიან ეფექტურად უნდა მუშაობდეს.

„რეალურად, ჩვენი საზოგადოება არც მთლად სახარბიელო ინერციის ნაწილია. სულ რაღაც 10-15 წლის წინ ჩვენ ვიცოდით, რომ კაცის გატაცება კრიმინალი იყო, მაგრამ ქალის მოტაცება არა. იმიტომ, რომ ეს რაღაც ტიპის ნორმად ითვლებოდა. მეორე მხრივ, როდესაც რეგიონებში ჩავდივარ, განსაკუთრებით, შედარებით ხანდაზმული ადამიანები გარკვეულწილად, აგრძელებენ სტერეოტიპულ ინერციას და კულტურული წნეხის გავლენით ხშირად მეუბნებიან ხოლმე – მე კი ლამაზი ვიყავი, მაგრამ მთლად ისე ლამაზი არა, რომ მოტაცებული ვიყოო. ანუ, რეალურად, ისინიც ფიქრობენ, რომ მოტაცება კარგის ნიშანია. ცხადია, ჩვენ გვჭირდება კომპლექსური სამუშაო ყველა თაობაში; პირველ რიგში, გვჭირდება იმის განცდა, რომ ეს კარგი ამბავი არ არის და ეს აუცილებლად შესაცვლელია“, – განაცხადა კეკელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, უნდა გვქონდეს თუ არა ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლის იმედი თაობათა ცვლის შედეგად, გიორგი კეკელიძემ განაცხადა, რომ უნდა გვქონდეს.

„ნებისმიერი თაობა გარკვეულ წესრიგს გულისხმობს და ნებისმიერ საზოგადოებას აქვს გარკვეული მზაობა, მისი შემდგომი დაიმსგავსოს. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ არის გასაკვირი, წინა თაობებს ჰქონდეთ პროტესტი იმაზე, რომ რომელიმე გოგომ საკუთარი ბედი თავისით გადაწყვიტოს. ბუნებრივია, აქ არ ვგულისხმობ ყველა ადამიანს. იმიტომ, რომ წინა თაობებში მინახავს არაერთი ძალიან ღირსეული ქალი, რომელიც ამგვარ საკითხებს აპროტესტებდა“, – განაცხადა კეკელიძემ.

მისი თქმით, ზოგადად, ეს ყველაფერი ძალიან ადვილად ვლინდება მაგალითად, ურბანულ ფოლკლორში, რაც შესაძლოა, იურისპუდენციისგან შორს იყოს.

„ვთქვათ, გოგონამ გადააშორა 21 ან 22 წელს და გათხოვილი არ არის. ამ საკითხზე ღელავს მისი ბიძაშვილის, მამიდაშვილის, ნოტარიუსის, კბილის ექიმის გარე ბიძაშვილი და ეკითხება, როდის თხოვდები, როდის თხოვდები. საქმე ის გახლავთ, რომ ეს ღელვა არახელოვნურია. ის რომ იმაზე ღელავდეს, ეს გოგონა მაგალითად, ჰარვარდის უნივერსიტეტში როდის აბარებს, ბუნებრივია, არ დავუჯერებთ და გაგვეცინება, მაგრამ ეს ღელვა ბუნებრივია, რადგან მას რაღაც ტიპის წესრიგის დარღვევის ეშინია. ღელვა აქ არ მთავრდება. მერე ის ეკითხება, შვილი როდის ეყოლება, მეორე როდის ეყოლება და სადღაც ეს მთავრდება. მთავარი საქმე ის გახლავთ, რომ პრობლემა არც ორი შვილის ყოლაშია და არც გათხოვებაში. პრობლემა ინდივიდუალური გადაწყვეტილებების შეზღუდვაშია“, – განაცხადა კეკელიძემ.

როგორც გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, ვიღაც წყვეტს, რომ 19 ან 21 წლის ასაკში გათხოვდეს, შვილები გააჩინოს და შესანიშნავი ოჯახი ჰყავდეს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ვიღაცას მიაჩნია, რომ 35 წლის ასაკამდე ან საერთოდ არ უნდა გათხოვდეს, რაც მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და თუ ამ სტერეოტიპებს მოვხსნით, ძალიან გაგვიადვილდება სიმართლეების ძებნა, რომელიც ძალიან ბევრია, მაგრამ საბოლოო ჯამში, არსებობს რაღაც ტიპის მყარი მოცემულობები, რომელსაც უნდა დავეფუძნოთ.

„განსაკუთრებით – 21-ე საუკუნეში და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიხელმძღვანელებთ ვერ ჰომოერექტუსის მაგალითებით და ვერც რიგ შემთხვევევაში, ლიტერატურული მაგალითებით იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საზოგადოება ვითარდება და საზოგადოების განვითარება მათ შორის, გარკვეულწილად, წარსულის რევიზიასაც გულისხმობს“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.