გიორგი კეკელიძე - აუცილებლად გვჭირდება სათამაშო ბიზნესის აგრესიული სარეკლამო კამპანიის ცოტათი მაინც დახშობა
გიორგი კეკელიძე - აუცილებლად გვჭირდება სათამაშო ბიზნესის აგრესიული სარეკლამო კამპანიის ცოტათი მაინც დახშობა

ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სათამაშო ბიზნესის აგრესიული სარეკლამო კამპანიის ცოტათი მაინც დახშობა, ხოლო უკეთეს შემთხვევაში სრულად აღმოფხვრა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა, გიორგი კეკელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რეგულაციები არის ერთადერთი, აუცილებელი ფორმა და პირველი არხის ამ გადაწყვეტილებას მივესალმები“, – განაცხადა კეკელიძემ.

ამ განცხადებით მან გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნება თუ არა სათამაშო ბიზნესის აგრესიული მარკეტინგის შეზღუდვა ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ლუდომანიის პრობლემის აღმოსაფხვრელად.

მისი თქმით, ადამიანი თავისუფალი არსებაა და მას რაც სურს, იმას გააკეთებს, მაგრამ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და რაღაცნაირად, ზუსტად დავინახოთ საზღვრები.

„სათამაშო ბიზნესის და ამ ტიპის ბიზნესების სრულად აკრძალვა, ისევე, როგორც ადამიანებში ასეთი ტიპის ვნებების აკრძალვა, ჩემი აზრით, სრულიად წარმოუდგენელია. ამ სივრცის ტოტალური ჩაკეტვის შედეგად ალბათ, ეს ყველაფერი სადღაც, მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს და იქ შეიძლება, უარესი ფორმები მიიღოს, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანებს უნდა გვქონდეს გაცნობიერებული – მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა და მას თუ უნდა, ითამაშებს, მოწევს და სხვა რამეს გააკეთებს, რაც პირდაპირ კრიმინალად არ ითვლება, აუცილებლად გვმართებს, რაღაცნაირად, ზუსტად დავინახოთ საზღვრები, სადაც მეორე ადამიანი ამ ყველაფრიდან ბოლოს, ჯეკპოტად თვითმკვლელის თოკს ამოაგდებს“, – განაცხადა კეკელიძემ. 

მისი თქმით, არსებობს სივრცეები, სადაც ამ ყველაფერს მოქმედების არეალი აუცილებლად უნდა შევუზღუდოთ.

„რამდენიმე თანამშრომელთან დაკავშირებით ჩვენ თვითონ გვქონია ძალიან სამწუხარო გამოცდილება, როგორც ორგანიზაციას და ძალიან ზუსტად ვიცით, რომ ეს მართლაც რთული სენია; ისეთი სენი, რომელიც განვითარების პროცესში, ნელ-ნელა, ადამიანს მთლიანად აკარგვინებს სახეს. მისთვის ყველა სხვა დანარჩენი ადამიანი არის სრულიად გამორიცხული. რჩება მხოლოდ სათამაშო აპარატი და ამ აპარატისთვის საჭირო მაგალითად, ასი ლარი, რომელსაც ერთი დღით გესესხება. მეორე დღით შეიძლება, სხვას ესესხოს და ასე ჩაგასესხოს, მაგრამ ეს პირამიდა საბოლოო ჯამში, ტრაგიკულ შედეგამდე მიდის“, – განაცხადა კეკელიძემ.

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო რთულია არასრულწლოვანთა ჩართულობა.

„როგორც ამ სფეროში მეტ-ნაკლებად ჩართულ ადამიანს, სხვა პერიოდში აქაც მქონია გამოცდილება და ვიცი, რომ ბავშვები ამას ძალიან აქტიურად ეძალებიან. ეს არის არა იმდენად გართობა, არამედ უფრო, იოლი ფულის შოვნის და შესაბამისად, რაღაც პრობლემების უცებ აღმოფხვრის სურვილი“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.