გიორგი კანდელაკი - რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ხარჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია
გიორგი კანდელაკი - რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება მცდარი ხარჯი და არასწორი პოლიტიკური სიგნალია

საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების სუბსიდირება არასწორი პოლიტიკური სიგნალია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი ხარჯის გაღება მცდარია.

„ჩვენი აზრით, ასეთი ხარჯის გაღება, მით უმეტეს, მგზავრთა რაოდენობაზე გადაანგარიშებით, მგზავრზე 90 ევრო გამოდის, არის ძალიან მცდარი. რუსეთიდან ფრენების სუბსიდირება, მაშინ როდესაც მთავრობა ჯერ კიდევ აჭიანურებს „რაინეართან“ კონტრაქტის ხელმოწერას, არასწორი პოლიტიკური სიგნალია”, – აცხადებს კანდელაკი.

დეპუტატის თქმით, მთავრობის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში მაგალითად, გერმანელი ან ბრიტანელი ვიზიტორები სამჯერ უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე რუსი ვიზიტორები. სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ მოუწოდებს მთავრობას, გააფორმოს კონტრაქტი „რაინეართან“, რომელსაც რუსეთიდან ფრენების შეზღუდვით გამოწვეული დანაკლისის კომპენსირება და ბევრად მაღალი შემოსავლის უზრუნველყოფა შეუძლია.

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, „რაინეარს“, რომელსაც ფრენები 2013 წელს უნდა დაეწყო, შეუძლია პირობითად მილიონი გერმანელის ჩამოყვანა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის გარღვევა იქნებოდა“, – განმარტავს გიორგი კანდელაკი.

ამასთან, კანდელაკის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს ერთწლიანი ჩამორჩენა აქვს, რის გამოც „ვიზეარი“ ახალი მიმართულებებით ფრენებს ვერ ამატებს.

საქართველოს მთავრობა რუსეთიდან სატრანზიტო ფრენებს 600 ათას ევრომდე თანხით დაასუბსიდირებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, საუბარია რეისებზე რუსეთიდან ერევნის გავლით თბილისისა და ბათუმის მიმართულებით. სტიმულირების პროგრამის ფარგლებში შესაბამის ხელშეკრულებას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ გააფორმებს. საუბარია თითო მგზავრზე არა უმეტეს 90 ევროს ანაზღაურებაზე (დღგ-ს გარეშე).