გიორგი კანდელაკი - რაც უფრო მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს ხელისუფლება, მით უფრო ჩაიძირება ჭაობში, რომელიც თავად შექმნა
ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ქართულ მედიაში ველის მოსუფთავებას.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კანდელაკი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალეულობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოდის და „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რაოდენ შეცვლილია სურათი და საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში.
მისი თქმით, რაც უფრო მკვეთრ მოძრაობას გააკეთებს ხელისუფლება, მით უფრო მწარედ ჩაიძირება ჭაობში, რომელიც „ქართულმა
ოცნებამ“ თავად შექმნა.
„ქართული ოცნების“ მდგომარეობა ჭაობში ჩაძირული ადამიანის მდგომარეობას ჰგავს. მათთვის უკეთესია, ასეთი მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთონ. ასეთი მკვეთრი მოძრაობები „ქართული ოცნების“ შფოთვის გამოძახილია, რომ მათ ქართველი ხალხი აღარ ენდობათ“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.