გიორგი კანდელაკი - პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საუბარი იყო ფარსი, ეს კახა კალაძემაც დაადასტურა
კახა კალაძე ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ სინამდვილეში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საუბარი იყო ერთგვარი რიტუალი და სინამდვილეში, ეს ყველაფერი იყო ფარსი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც კანდელაკმა განაცხადა, ყველა გამოკითხვით, მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას.
„საბედნიეროდ, 2024 წელს როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ეს ბატონი კალაძის და „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება. „ქართული ოცნება“ დამარცხდება ნებისმიერ სისტემაში“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი პროპორციული არჩევნებისთვის მზად არ არის. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციაში გაწერა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლებლობა რომ იყოს, ცვლილებები განსახორციელებელია.