გიორგი კანდელაკი - მე მახსოვს, როგორ მიაყენეს შეურაცხყოფა გორში მოხუცს, რომელიც სიმღერაზე „მიშა მაგარია“, ფეხზე არ წამოდგა
მახსოვს, ჩვენს რესტორანში 2010 წელს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენეს მოხუცს, რომელიც სიმღერაზე „მიშა მაგარია“ ფეხზე არ წამოდგა,- ამის შესახებ მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი კანდელაკმა გორში, საზოგადოება „მე ვიცავ თავისუფლებას“ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში არავინ არსებობს, ვისი ახლობელიც 9-წლიანი რეჟიმის დროს რეპრესირებული არ ყოფილა.
ზოგმა იცის ხოლმე თქმა, ჩემიანი არავინ დაუჭერიათო. ყველას კარგად გვახსოვს ის 300 000 ადამიანი, რომელიც 9-წლიანი რეჟიმის დროს დააპატიმრეს. საქართველოში არავინ არსებობს, ვისი ახლობელიც არ ყოფილა მაშინ დაკავებული და ყველას კარგად გვახსოვს რა რეჟიმი გამოვიარეთ, როგორ აწამებდნენ ჩვენს დებს და ძმებს. 2010 წელს ჩვენთან, რესტორანში ასეთი რაღაც მოხდა, მეორე დღეს კამერებზე მაჩვენეს. გახსოვთ ის პერიოდი, როცა 9-10-ჯერ სიმღერა „მიშა მაგარიაზე“ წამოგვაყენებდნენ, ყველა უნდა ამდგარიყო, ვითომ მიშა უყვარდა. ერთი მოხუცი არ ადგა. დაახლოებით 78-79 წლის იქნებოდა. არ ავდგებიო უთხრა, არ ვცემ პატივს მიშა სააკაშვილსო. საწყალს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგმა ფეხიც კი ამოარტყა. მაშინ ხომ ზონდერებს უნდა გამოეხატათ, ვითომ მიშა ყველას უყვარდა. ასეთი პერიოდი იყო ზუსტად“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მსოფლიო ჩემპიონმა ბიზნესმენებს „ნაციონალური მოძრაობის “ წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
„წინა ხელისუფლების დროს ჩემი მეგობრები, ვისაც რაღაც ჰქონდა, უფრო მეტად ბიზნესი, საუბრისას ტელეფონს ვშლიდით. ყველამ იცოდა, რომ გვისმენდნენ. მე პირადად, სახლივით მქონდა „მოდულის“ შენობა. წარა-მარა მიბარებდნენ თბილისში, ე.წ. მოდულში სართულები, ოთახებიც კი ზეპირად ვიცოდი. დღეს უნდა გავერთიანდეთ ის ბიზნესმენებიც, რომლებსაც კარგად გვახსოვს ის პერიოდი. საუბარი არ არის მარტო ბიზნესმენებზე. ბევრი ჩვენი მეგობარი დაიჭირეს, ზოგი აწამეს, ზოგი კი, სამსახურიდან გააგდეს უმიზეზოდ“,-განაცხადა გიორგი კანდელაკმა გორში გამართულ შეხვედრაზე.