გიორგი კანდელაკი - ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შეშფოთებულია არსებული სიტუაციით და მოწოდებულია, რომ კრიზისი განიმუხტოს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგა ბოკერია და გიორგი კანდელაკი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდნენ.
გიორგი კანდელაკის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და მისი განმუხტვის გზებს.
„დღეს საქართველოში ჩამოვიდა ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერი ყველა კრიტიკულ სიტუაციაში, ამერიკაში ლიეტუვის ყოფილი ელჩი ჟიგიმანტას პავილიონისი. ის, საქართველოს სხვა მეგობრების მსგავსად, შეშფოთებულია ამ სიტუაციით და მოწოდებულია, რომ კრიზისი განიმუხტოს. ამ კრიზისის განმუხტვა, პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მომავალ წელს მოდის ნატო-ს სამიტი, საქართველოს აქვს ეროვნული ამოცანები, მთავრობა კი არ ფიქრობს ამ ამოცანების შესრულებაზე, მაგრამ ჩვენ ეს ამოცანები ძიან გვაღელვებს. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრებისთვის, რომ მოინახოს გზები შექმილი სიტუაციის განსამუხტად. ჩვენ გავცვალეთ აზრები, შევთავაზეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები კრიზისის განსამუხტად“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.