გიორგი კანდელაკი - ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა წყალტუბოს სკოლებში სველი წერტილების მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტი უტენდეროდ მიიღეს
„ევროპული საქართველო“ გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კორუფციული გარიგებებით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ბრიფინგზე განაცხადა, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს წყალტუბოში საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად მერიამ მილიონ 122 ათას 256 ლარი გამარტივებული შესყიდვის გზით, ტენდერის გამოცხადების გარეშე დახარჯა.
„პანდემიის დაწყებიდან სწავლის დაწყებამდე მთავრობას სკოლის ჰიგიენური კვანძების მოსაწყობად ხუთ თვეზე მეტი ჰქონდა. მიუხედავად ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მთელი ეს თვეები ტენდერი არ გამოაცხადა და როცა სწავლის დაწყებამდე მხოლოდ დღეები რჩებოდა, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირებს პირდაპირი შესყიდვის გზით ამ რეგიონისთვის კოლოსალური თანხა მიაკუთვნა.
კერძოდ, „ფლანგვის დეტექტორის“ ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს. ცხრიდან რვა კომპანიას წარსულში პრაქტიკულად არც ერთ ტენდერში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. მეტიც, შპს „არია გრუპს“ წარსულში საერთოდ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, არათუ ტენდერში მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.
მმართველი პარტიის მხარდამჭერმა, ინდმეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც ასევე არც ერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა, ყოველგვარი კონკურსის გარეშე 119,600 ლარი მიიღო.
ბუნებრივად ისმის კითხვა: მაშინ, როცა სკოლების სანიტარული კვანძების გამართულად მუშაობის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის გასაგებია და მაშინ, როცა ყველამ იცოდა, შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო, რატომ არ ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი? პასუხი ნათელია – „ქართული ოცნების“ აღვირახსნილი კორუფცია, რაც 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებებით უნდა დასრულდეს. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი „ქართული ოცნების“ კორუფციისა და ჩაფლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა“, – განაცხადა კანდელაკმა.