გიორგი კანდელაკი - ხელისუფლებას ეშინია, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ ხმას
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს არ აძლევს უფლებას, რომ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენები განახორციელონ.
როგორც კანდელაკმა განაცხადა, აკრძალვის მიზეზი ხელისუფლების შიშია, რომ უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემენ ხმას.
„საქარველოს მთავრობა უარს ეუბნება ავიაკომპანიებს, განსაკუთრებით, „ვიზეარსა“ და „რაინეარს“ მის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან ფრენების დაწესებაზე. ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომლის თანახმად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს აკრძალვა ძალაშია, არის იმის შიში, რომ ევროპაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი საქართველოში არჩევნებისთვის დაბრუნდება და ხმას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცემს. ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობის შიგნით მყოფი წყაროებიდან გვაქვს.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში არ შეჰყავს პოლონეთი და საბერძნეთი. საბერძნეთში ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქეა, რომელთა ნაწილსაც საქართველოში დაბრუნება სურს. საბერძნეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საფრანგეთისაზე ბევრად უკეთესია. ამიტომ, როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ის ეპიდემიოლოგიური სურათით ხელმძღვანელობს, რა შუაშია ეპიდემიოლოგიურ სურათთან არჩევნები? ვირუსი არჩევნების მიხედვით ხელმძღვანელობს? მთავრობა სხვადასხვა ავიაკომპანიას ეუბნება, რომ არჩევნებამდე მოიცადონ“, – განაცხადა კანდელაკმა.