გიორგი კანდელაკი - ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია
ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ გავრილოვის ღამის შემდეგ და მას შემდეგ, რაც თვალები დათხარეს ახალგაზრდებს, ის არის ბოლომდე გაკოტრებული და ამ ნაბიჯით ებღაუჭება ხელისუფლებას, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
ამასთან, მისი შეფასებით, ეს არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
„ამავე დროს, ბრალის წარდგენა არის ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯიც მთავრობის მხრიდან, მიუხედავად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებისა, რომელიც მან ანაკლიის პორტის მხარდასაჭერად გააკეთა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ. მაგრამ აქ მთავარია, რომ ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯებიც ვერ უშველის ივანიშვილს. როცა ადამიანი არის ჭაობში, რაც უფრო მეტს ფართხალებს, მით უფრი სწრაფად იძირება. ივანიშვილი ახლა იმაზე უნდა ფიქრობდეს, როგორ გავიაროთ მომავალი არჩევნები ცივილიზებულად. პირველ რიგში, ეს ბრალის წარდგენა მიმართულია ანაკლიის პორტის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, მოკავშირეებისთვის. ამ ყველაფრის მიუხედავად ანაკლიის პორტის წინააღმდეგ გადაიდგა ასეთი აგრესიული ნაბიჯი“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
დეპუტატის თქმით, აღნიშნული საქმე თავიდანვე პოლიტიკური იყო.
„საქმე ეხება 12 წლის მომხდარ რაღაც ამბავს, სადაც არ არსებობს დაზარალებული. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვიზამთ, როგორც პარლამენტში, ასევე ყველა ჩვენთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, რათა წინ აღვუდგეთ ამ უკანონობას“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.