გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტი ხომ არ იტყვის, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო, ეს ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია
გიორგი კანდელაკი - ევროპარლამენტი ხომ არ იტყვის, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო, ეს ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია

ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუციის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მინდა, გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც ხმათა უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, თითქოს ეს რეზოლუცია არის „ქართული ოცნების“ ქება და ხოტბა. ალბათ ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალყურს ამ დებატებს, მაგალითად, რუსეთის დუმაში, სადაც „ქართული ოცნების“ მეგობრები, მაგალითად, გავრილოვი ძალიანაც კმაყოფილები არიან „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობით“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

მისი თქმით, არჩილ თალაკვაძეს ურჩევდა, კარგად წაიკითხოს გუშინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია.

„ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება „ქართული ოცნების“ მთავრობისადმი ჩემს პრაქტიკაში არ მახსოვს. ეს მკაფიო შეფასებები რეზოლუციაში მოხდა არა რაიმე შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველად ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას. უპრეცენდენტო რეზოლუცია თავისი სიმჭახითა და სიცხადით თვალნათლივ აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ ჩვენი პარტნიორებიც და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი მზად არის და მომწიფებულია საქართველოში გარდამტეხი ცვლილებებისთვის. სხვა შემთხვევაში, ასეთი მკაფიო და ყოველგვარი დისკუსიის გარეშე, წინასწარ შეთანხმებული ტექსტი არ იქნებოდა“, – აღნიშნა გიორგი კანდელაკი.

კითხვაზე, რეზოლუციის რომელ ნაწილში წერია, რომ ევროპარლამენტი საქართველოში ცვლილებებს უჭერს მხარს, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი ხელისუფლების ცვლილების შესახებ ვერ დაწერს, მაგრამ რეზოლუციის კონტექსტი და ტონალობა ამას ადასტურებს.

„ეს ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტია. ევროპარლამენტი ხომ არ იტყვის, ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო, მაგრამ პოლიტიკური კონტექსტი, ამ რეზოლუციის ტონალობა, ტერმინოლოგია ადასტურებს. ასეთი რამ ადრე არასდროს ყოფილა“, – დასძინა გიორგი კანდელაკმა.