გიორგი კალანდარიშვილი - საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის 95 834-ს შეადგენს
საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 95 834-ს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„ეს ინფორმაცია მოცავს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადმოცემულ მონაცემებს, ასევე სერვისების სააგენტოს მიერ მოწოდებულ მონაცემებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადმოგვცა განახლებული ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა და საარჩევნო რეგისტრაციაგავლილ პირთა შესახებ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ცესკო კოორდიანაციაშია შესაბამის უწყებებთან და რამდენიმე ამომრჩეველთან მიმართებაში მიმდინარეობს მონაცემების გადამოწმება-გადაზუსტება, რის შემდეგაც უწყებას უახლოეს დღეებში ექნება საბოლოო მონაცემები.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ზემოთხსენებული უწყებების მხრიდან ცესკო-სთვის მონაცემების პირველ და ბოლო გადაცემას შორის სხვაობა არის 30 326 ამომრჩეველი, რამაც ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოკვეთა სურათი, რომ ამ ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, ლოკაციებზე, სადაც საარჩევნო უბნები შეიქმნა, დამატებით არის შვიდი საარჩევნო უბნის შექმნის საჭიროება.
„იმ შემთხვევაში, სადაც არის ერთი საარჩევნო უბანი, შეიძლება, მეორეს დამატება იყოს საჭირო, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, იყოს ორი უბანი და მესამეს დამატება იყოს საჭირო და ა.შ. ცესკო-ში ხვალ გაიმართება სხდომა, სადაც კომისია იმსჯელებს საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებით და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას ამ შვიდი უბნის ლოკაციის შესახებ. ამ ეტაპზე საზღვარგარეთ ოპერირებს 60 უბანი, მაგრამ თუ ხვალინდელ სხდომაზე იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, დაემატება შვიდი უბანი, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ქვეყნის მატებაზე. საუბარია არსებულ ლოკაციებზე დამატებით საარჩევნო უბნის შექმნაზე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საბოლოოდ, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და ბიულეტენში მოხვდება 18 პოლიტიკური გაერთიანება.
„ბიულეტენში იქნება 18 პოლიტიკური პარტია, რომელიც კენჭისყრის დღეს შეთავაზებული იქნება ამომრჩევლებისთვის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.