გიორგი კალანდარიშვილი - PRO V&V-ს დასკვნამ პასუხი გასცა ყველა უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც უკავშირდებოდა სიებში დუბლირებას, მომზადების ხარისხს, ტექნოლოგიური საშუალებების გამართულობას
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, შესაბამისობის აუდიტთან დაკავშირებით ამერიკული კომპანიის, PRO V&V-ს საბოლოო, მესამე ეტაპის დასკვნამ, ფაქტობრივად, პასუხი გასცა ყველა წუხილს, მანიპულაციას თუ უსაფუძვლო ბრალდებას, რომელიც უკავშირდებოდა სიებში დუბლირებას, სიების შესაძლო განსხვავებებს, მომზადების ხარისხსა და ტექნოლოგიური საშუალებების გამართულობას.
„ცალსახად ვკითხულობთ, რომ ერთი ხმა არის ერთი ხმა, მისი შეცვლა შეუძლებელია, აპარატში ჩატვირთული, გააქტიურებული სიები არის იმის შესაბამისი, რაც ცესკო-ს სერვერზეა, რაც ამოიბეჭდება, საარჩევნო უბნებზე საჯაროდ გამოკრულის იდენტურია, დუბლირება შეუძლებელია, რადგან ამომრჩეველი ამომრჩეველთა სიაში შეიყვანება მისი პერსონალური, უნიკალური ნომრით. ვკითხულობთ, რომ არათუ დუბლირებაა შეუძლებელი, არამედ დაკვირვების შედეგად არცერთი დუბლირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ამასთან, საუბარია იმის თაობაზე, რომ მომზადების დონე, როგორც კომიისიის წევრების, ასევე ტექნიკური პირების, ძალიან მაღალ დონეზე იყო ადმინისტრირებული. ასევე, საუბარია სხვა არაერთ დეტალზე, რომელიც პასუხს სცემს მანიპულაციებს, როგორიც იყო, მაგალითად, კენჭისყრის დღეს ორი ბიულეტენის შესაძლო გამოყენებასთან მიმართებაში, და სხვა საკითხებს.
ამ კომპანიასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ორი აკრედიტებულიდან ერთ-ერთი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემების ტესტირებისა და აუდიტირების უფლებამოსილება აქვს, არამედ მათ აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაბამისი ვენდორი კომპანიისთვის ლიცენზიების გაცემის უფლებამოსილება სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ. საუბარია ასეთ სოლიდურ ამერიკულ კომპანიაზე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა შესაბამისობის აუდიტში. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე იყო საჯარო. შერჩევის ეტაპიდან დაწყებული, გაგრძელებული სამი ფაზის შესახებ დეტალური ინფორმაციის მედიასაშუალებებით გავრცელებით, დასრულებული, მათ შორის, შესაბამისი წარმომადგენლების ადგილზე ყოფნითა და უშუალოდ კენჭისყრის დღის დაკვირვებით. თავის მხრივ, ეს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს აძლევდა შესაძლებლობას, მათ თუ ჰქონდათ დამატებით ისეთი საკითხები, რომლებიც შესაძლოა, კითხვებს ბადებდა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებასთან და იყო ინტერესი, რომ აუდიტის მიმართ ეს დაყენებულიყო საკითხად, ჩვენ ამას გავითვალისწინებდით, მაგრამ არცერთ ასეთ შემთხვევას, არცერთ ასეთ მომართვას ადგილი არ ჰქონია. პროცესი იყო სრულად გამჭვირვალე, სრულად საჯარო და ნებისმიერ პირს ნებისმიერ ეტაპზე ჰქონდა დაკვირვების შესაძლებლობა“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.
ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ, Pro V&V-მ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ჩაატარა. ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა“.