გიორგი კალანდარიშვილი - მსოფლიო პრაქტიკა ცესკო-სთან მიმართებაში მიდის იმისკენ, რომ რაც შეიძლება გრძელვადიანად განხორციელდეს პირის არჩევა, რათა დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი
მსოფლიო პრაქტიკა ისეთ ინსტიტუტებთან მიმართებაში, როგორიც არის ცესკო, მიდის იმისკენ, რომ რაც შეიძლება გრძელვადიანად განხორციელდეს პირის არჩევა, რათა დამოუკიდებლობის ხარისხი კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.
„მაგალითად, გერმანიის შემთხვევა. რა თქმა უნდა, იქ მოდელი განსხვავებულია საარჩევნო კომისიების ფორმირების, მაგრამ იქ, მაგალითად, შს მინისტრი ერთპიროვნულად, უვადოდ ნიშნავს სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელს საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე და რომელი ერთი გავიხსენოთ?! კიდევ არის იმავე რეგიონში შემთხვევები, როდესაც ათი წლის ვადით ირჩევენ, რვა წლის ვადით და ასე შემდეგ. ცხადია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გრძელვადიანობა და უფლებამოსილების ვადა არის ინდიკატორი და, მათ შორის, ამ პოზიციაზე მყოფი პირის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობის გარანტი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, თუ გვინდა ხარისხიანი არჩევნები და გვინდა, ინსტიტუციამ არჩევნები ჩაატაროს, ეს ყველაფერი იწყება ხელმძღვანელით, შემდეგ გაგრძელებული კომისიის დაკომპლექტებით, შესაბამისი სტაფის რეკრუტირებით და ასე შემდეგ.
კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ალბათ ეს იყო ერთ-ერთი მოტივი, თუ რატომ იქნა მიღებული ცვლილებები საქართველოში.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვესმოდა საუბრები, რომ ამ ინსტიტუციაში ხელმძღვანელია საჭირო, დამოუკიდებელი, ისეთი, ასეთი და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად, საკანონმდებლო ხელშეწყობა არ იყო. ჩვენ ვნახეთ ერთი შემთხვევა, მეორე, ექვსთვიანი არჩევები და შემდგომ საერთოდ ისიც კი ვნახეთ, რომ წარდგენილიც კი არ იყო კანდიდატი. ეს პროცესი გაჭიანურდა და, გარკვეულწილად, მანიპულაციის საგანიც კი გახდა. შემდეგ, რა თქმა უნდა, კანონმდებელმა განახორციელა სათანადო ცვლილებები. რასაკვირველია, არავინ დავობს იმაზე, რომ რაც მაღალია მხარდაჭერა, ეს მით უკეთესია, მაგრამ როდესაც არ არის ეს მხარდაჭერა, მე ვფიქრობ, პირიქით, აქ მე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი იმ თვალსაზრისით, რომ ინსტიტუციის ფუნქციონირება და მისი ეფექტიანი ადმინისტრირება შენარჩუნდა ჩემი ამ უფლებამოსილების კანონისმიერი გახანგრძლივების პირობებში. იმიტომ, რომ კანონი ასევე ამბობს, რომ კომისიის წევრი იქნება თუ ხელმძღვანელი პირი, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდგომ მისი უფლებამოსილება განგრძლივდება მანამ, სანამ არ მოხდება ახალის არჩევა“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, კონკურსების გამოცხადების და ამ კონკურსებში მისი მონაწილეობის დაფიქსირების შემდეგ ყოველთვის ხდებოდა მისი მიზანმიმართული დისკრედიტაცია და მმართველ პარტიასთან აფილირება, რაც სრულიად უსაფუძვლო იყო, რადგან მისი ამ ინსტიტუციაში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება და მიუკერძოებელი საქმიანობის ისტორია ბუნებრივად იწვევდა მის მიმართ მხარდაჭერას.
„ზოგადად, კომისიაში ადამიანების საქმიანობა უნდა შეფასდეს მათი ქმედებებით და არა – აღქმებით, რომელიც ყოველდღიურად ითესება და რომლის მიზანიც არის, მაგალითად, კომისიის პროფესიული წევრების დაკავშირება მოხდეს მმართველ პარტიასთან. მმართველი პარტია რომ მხარს გიჭერს, რადგან შენ პროფესიონალი ხარ და კანდიდატურისთვის შესაფერისი, არ ნიშნავს იმას, რომ მისი რიგებიდან ირიცხები და მისი გავლენის ქვეშ ხარ. პირიქით, ამ ყველაფერს სხვა კუთხით რომ შევხედოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ არის პასუხისმგებლიანი პროცესი, როდესაც კომისიები უნდა დაკომპლექტდეს და კომისიებმა ჩაატარონ არჩევნები. მაშინ რაზეა საუბარი, რომ კომისიები არ დაკომპლექტდეს და არ შედგეს? ვინ უშლის ვინმეს, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში?“ – განაცხადა კალანდარიშვილმა.
კალანდარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კომისიის თავმჯდომარის თუ წევრების დისკრედიტაცია მიზანმიმართულად მიმდინარეობს, რათა გადაიფაროს პროგრესი, რომელიც სახეზეა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა კონტროლს ახორციელებენ ცესკო-ს პარტიული ნიშნით შემოსული წევრები პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების საქმიანობაზე, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის შერეული კომპოზიცია და რეგლამენტის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მთავარი გამოძახილი არის ის, რომ ყველა უნდა გამოდიოდეს ადმინისტრაციის, შესაბამისი დონის კომისიის ინტერესებიდან, არ მოქმედებდნენ პარტიული დღის წესრიგით და არ შემოჰქონდეთ პოლიტიკა ამ პროცესში.