გიორგი კალანდარიშვილი - კენჭისყრის დღეს ამაზე მეტი გამჭვირვალობა და საჯაროობა საერთაშორისო პრაქტიკაშიც არ მახსენდება, ფაქტობრივად, მანიპულაციის სივრცე და საფუძველი აღარ არსებობს
ვინც რა არ უნდა თქვას, ნდობა, რეპუტაცია, შედეგები და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში, გადის ღია და გამჭვირვალე საქმიანობაზე, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“.
„დღეს, ფაქტობრივად, ინსტიტუციაში არ არსებობს რამე მოქმედება, აქტივობა და პროცესი, რომელშიც საჯაროობის და გამჭვირვალობის მაღალი კომპონენტი არ არის უზრუნველყოფილი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, პილოტების ფარგლებში ცხადი გახდა, რომ ხმის მთველელი აპარატები ძალიან კარგად ითვლის, თუმცა კანონმდებელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სადაც განთავსებული იქნება ტექნოლოგიები, უპირობოდ გადაითვალოს ყველა საარჩევნო უბნის შედეგი, ხოლო რაც შეეხება ტრადიციულ საარჩევნო უბნებს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ მოხდება ბიულეტენების გაციფრულება, სკანირება და საჯარო სივრცეში განთავსება.
„კენჭისყრის დღეს, საჯაროობასთან მიმართებაში, ამაზე მეტი გამჭვირვალობა და ამაზე მეტი საჯაროობა მე პირადად, არც საერთაშორისო პრაქტიკაში მახსენდება და მით უმეტეს, არც ქართული არჩევნების შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი ასეთ მასშტაბურ გადათვლას. ფაქტობრივად, მანიპულაციის სივრცე და საფუძველი აღარ არსებობს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესი არის ინკლუზიური, მასში მონაწილეობს ყველა დაინტერესებული მხარე და კონსტრუციული ურთიერთობის ფარგლებში ხდება მსჯელობა და რეკომენდაციების გაზიარება.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა პოზიტიური ცვლილებები დაინახა აშშ-ის ელჩმა უწყების საქმიანობაში, რასაც მისი განცხადება მოჰყვა და შეცვლის თუ არა ელჩის განცხადება ცესკო-ს მიმართ კრიტიკულ რიტორიკას, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ცხადია, ამას ხედავს დამკვირვებელი, თუ პარტნიორი და ცხადია, ამ ყველაფერს აფასებენ.
„ვფიქრობ, ჩვენი გამჭვირვალე, მიუკერძოებელი საქმიანობის, ამ ინკლუზიური პროცესის შექმნისთვის არის ეს შეფასება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მამოტივირებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ვინმე უნდა გათამამდეს. არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ძალიან მოკრძალებული ვართ ჩვენს საქმიანობაში. პირიქით, მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი საქმიანობა იყოს კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
შეკითხვაზე, განსაზღვრა თუ არა ელჩის პოზიტიური განცხადება მათ შორის, იმ ფაქტორებმაც, რომ ერთი მხრივ, პროცესში მოხდა საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენება-დანერგვა, რამაც საარჩევნო პროცესში გამჭვირვალობის ხარისხი აამაღლა, მეორე მხრივ, ამ სისტემების მომწოდებელი კომპანია ამერიკულია და აუდიტორული კომპანიაც და ამ შემთხვევაში პროცესში ჩართული ამერიკული კომპანიების რეპუტაცია სასწორზე დევს, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ვერ ტყვის, რომ ეს ცალსახად ამ ფაქტორების გამოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, კომპლექსურად, ყველას როლი არის მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი.
„ჩვენ გაზიარებული გვაქვს პასუხისმგებლობები. მათ თავიანთი პასუხისმგებლობები აქვთ და ჩვენ ჩვენი. არის ისეთი შემთხვევები, სადაც საერთო პასუხისმგებლობებში ვიმყოფებით და ამით ვაზღვევთ ერთმანეთის მონაწილეობას ამ პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მსოფლიო დონის ორგანიზაცია და უამრავ ქვეყანაში მათი მონაწილეობის რეპუტაცია დევს სასწორზე იმ შემთხვევაში, თუ მათ აქ არასწორად ქნეს, ან თუ რაღაც უსაფუძვლო ბრალდებებს კიდევ ექნება ადგილი, ხომ?! ქვეყნებია, სადაც ათობით მილიონ ამომრჩეველზეა საუბარი, ტექნოლოგიური მხარდაჭერაზე და ბუნებრივია, ერთი ქვეყნის გამო ისინი თავიანთ რეპუტაციას არ დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩს ობიექტური შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, პირველ რიგში, დიდი მადლობა გადავუხადო ელჩს ასეთი შეფასებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იქ დადებითად იყო შეფასებული ადმინისტრაცია; იქ თავმჯდომარე იყო პირდაპირ ნახსენები, გუნდი იყო ნახსენები და ხაზი ჰქონდა გასმული ტექნიკური და პროფესიული ადმინისტრირების მომზადების ხარისხს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.