გიორგი კახიანმა პრეზიდენტს მიმართა - მომავალში როგორ გააგრძელებთ საქმიანობას, შეეცდებით, რომ კონსტიტუციის დარღვევით აწარმოოთ შეხვედრები, თუ მთავრობის თანხმობას დაელოდებით
ყველა ვხვდებით, რომ დღევანდელი დღე არ არის თქვენი პრეზიდენტობის ბოლო დღე. უფლებამოსილების განხორციელებას გააგრძელებთ, ამიტომ მომავლისკენ არის ჩემი კითხვა მიმართული, მომავალში რას აპირებთ? ისევ აპირებთ, ასეთი ვიზიტები კონსტიტუციის დარღვევით განახორციელოთ თუ შეეცდებით, რომ მთავრობის თანხმობა მიიღოთ, – ასე მიმართა პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
კახიანმა სალომე ზურაბიშვილს ჰკითხა, აპირებს თუ არა, მომავალში ითხოვოს მთავრობისგან ნებართვა ვიზიტების განხორციელებისთვის.
„შესაძლოა, თქვენ არ მოგწონთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ მისი პატივისცემა თქვენი კონსტიტუციური ვალდებულებაა. თუ თქვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებთ, ეს ნიშნავს, რომ ასევე სხვა კონსტიტუციურ ნორმასაც არღვევთ, რომელიც გავალდებულებთ, რომ კონსტიტუციას პატივი სცეთ. თქვენ თუ ამასაც დაარღვევთ, მერწმუნეთ, უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრავე მოსამართლეს შეიძლება, ერთი პოზიცია ჰქონდეს. მომავალში როგორ გააგრძელებთ თქვენ საქმიანობას, შეეცდებით, რომ კონსტიტუციის დარღვევით აწარმოოთ შეხვედრები, რომელსაც აქამდე აწარმოებდით, თუ მომავალში შეეცდებით მთავრობის თანხმობის მიღებას შესაბამისი ვიზიტების განხორციელების დროს“, – განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.