გიორგი კახიანი - საკვალიფიკაციო გამოცდა ერთგვარი დამადასტურებელია იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შესაბამის კვალიფიკაციას ფლობს
საკვალიფიკაციო გამოცდა ერთგვარი დამადასტურებელია იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შესაბამის კვალიფიკაციას ფლობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.
„იმის გარანტია, რომ კანდიდატის შერჩევის პროცესი და შემდეგ უკვე, პარლამენტის მიერ კონკრეტული მოსამართლის არჩევის პროცესი საზოგადოების მხრიდან შესაბამისი ნდობის მქონე იყოს, არის საჯაროობა ამ პროცესისა, რომელიც ინიციატივით არის გაწერილი“, – განაცხადა კახიანმა.
ამ განცხადებით გიორგი კახიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საფუძვლიანია სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტით სასამართლოს მაღალჩინოსნებს საშუალება მიეცემათ, უზენაეს სასამართლოში მათთვის მისაღები კანდიდატურები გაიყვანონ, რადგან კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გასამწესებლად საკვალიფიკაციო გამოცდა გახდა საჭირო.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ არ გაიხსნა ადამიანთა წრე, რომლებისგანაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს წევრები უნდა აირჩიოს, მოუხდება თუ არა პარლამენტს არჩევანის გაკეთება სასამართლოში არსებული კლანის მიერ შეთავაზებული არჩევანიდან, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატთა შერჩევის ხუთეტაპიანი, ხანგრძლივი, საჯარო, გამჭვირვალე და ღია პროცედურა არსებობს.
შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ არსებობს რისკი, სასამართლოს მაღალჩინოსნებისთვის არასასურველ პირებს გამოცდის ჩაბარებაში ხელი შეუშალონ, რადგან მათ გამოცდის ჩაბარება იმ სტრუქტურაში მოუწევთ, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კურირებს, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ცოდნა და კომპეტენცია აქვს, გამოცდის ჩაბარებაში ხელს ვერავინ შეუშლის.
„მე ამ რისკს ვერ ვხედავ. გამოცდა როგორ ტარდება?! მგონი, ასეა, ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო, თუ რამე არ შეიცვალა, რომ კანდიდატი შედის, ასი ტესტია და ამ ასი ტესტიდან 75 სწორი პასუხი უნდა შემოხაზო. ამის შეფასება ავტომატურად ხდება. ანუ, თუ ცოდნა და მართლა მაღალი კვალიფიკაცია გაქვს, გამოცდას ჩააბარებ და ამაში ხელს ვერავინ შეგიშლის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, იურისტების, მათ შორის, მისი კოლეგა იურისტების მსგავსად, ფიქრობს თუ არა ისიც, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გაუქმების შესახებ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული კანონპროექტის საკონსტიტუციო ცვლილების გარეშე მიღება არაკონსტიტუციური იქნება, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი არაკონსტიტუციური იყო.
„იმ კანონს მარტო არაკონსტიტუციურობის პრობლემა არ ჰქონდა. სხვა პრობლემაც ჰქონდა. მე თუ მკითხვათ, იმ კანონის მიღებით არა მხოლოდ მოსამართლეთა უვადოდ განწესებას შევაჩერებდით, მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა შეიძლება შეგვეჩერებინა, იმდენად მძიმე შედეგები შეიძლებოდა დამდგარიყო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.