გიორგი კახიანი - თავიდანვე ვთქვით, რომ თავისუფალი კენჭისყრა იყო და დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რასაც სწორად თვლიდნენ
გიორგი კახიანი - თავიდანვე ვთქვით, რომ თავისუფალი კენჭისყრა იყო და დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რასაც სწორად თვლიდნენ

ვიდრე ტაბლოზე კონკრეტული ციფრები არ დაიწერა, ამ მომენტამდე მეგონა, რომ კონსტიტუციურ ინიციატივას მივიღებდით, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუნდაც, უმრავლესობის იმ ბოლო შეხვედრის შემდეგ, სადაც პარტიის თავმჯდომარემაც ძალიან აშკარად და პრინციპულად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ 2020 წლიდან არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, ეს არის რეალობა და მოცემულობა, რომ ამ ინიციატივის მიღება ვერ მოხერხდა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ თავისუფალი კენჭისყრა იყო და პარლამენტის წევრებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რასაც სწორად თვლიდნენ. ისინი ამას დღემდე სწორად თვლიან და საკმაოდ ლეგიტიმურია რისკები, რაზეც ისინი საუბრობენ და რა საფრთხეებიც დაინახეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაში“, – განაცხადა კახიანმა.

გადაცემის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, რატომ იყო მმართველი გუნდი დარწმუნებული, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას ხმას მისცემდნენ გუნდის ის წევრები, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრმა თავისი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ უმრავლესობის შეხვედრაზეც აღნიშნა, მაგრამ სხვების მხრიდან ამაზე საუბარი არ ყოფილა და იმ ფაქტმა, რომ ინიციატივას პარლამენტის 93 წევრი უჭერდა მხარს, მას ლოგიკური მოლოდინი შეუქმნა, რომ კონსტიტუციური ინიციატივა მხარდაჭერილი იქნებოდა. 

„როგორც ჩანს, ამ ხუთი თვის განმავლობაში პროცესები იმდაგვარად განვითარდა, რომ შესაძლოა, მათ ერთმანეთშიც ჰქონდათ კონსულტაციები და ფაქტია, უმრავლესობის შიგნით პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგე იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა“, – განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ალექსანდრე ცაგარელის შეკითხვაზე, იღებს თუ არა მმართველი გუნდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ მის მიერვე ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა, კახიანმა აღნიშნა, რომ გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირველ რიგში, არჩევნებზე გამოვლინდება.

„ცხადია, გუნდი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი, როდესაც რაღაც ითქმება და ვერ გაკეთდება. შეიძლება, საზოგადოების ერთ ნაწილს შერეული სისტემა ურჩევნია, მეორეს კი ერჩივნა, პროპორციული ყოფილიყო. ანუ, ვიღაცისთვის გუნდი არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელი და ისე, როგორც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი პირველ რიგში, არჩევნებზე გამომჟღავნდება“, – განაცხადა კახიანმა.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, რომელი კომპონენტი იყო სტაბილურობის რისკის შემცველი იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებას ხმა არ მისცეს, პრობლემას პროპორციული სისტემა ქმნიდა თუ ბუნებრივი ბარიერი, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ რისკების შესახებ მაჟორიტართა ნაწილს საკუთარი მოსაზრება აქვს, პირადად კი, ცალკე აღებული ბუნებრივი ბარიერი ძალიან მოსწონდა, რადგან ეს შედარებით სუსტ პოლიტიკურ ჯგუფებს პარლამენტში წარმოდგენის, გაძლიერებისა და შემდგომი არჩევნებისთვის მომზადების შესაძლებლობას მისცემდა.