შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 20-21 ივნისის ღამეს სამართალდამცავი უწყებები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად.
ამასთან, როგორც კახიანი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის რომელიღაც პოლიტიკოსის მხრიდან, ბუნებრივია ის პასუხისგებაში მიეცემა.
„შს მინისტრის გადადგმის გადაწყვეტილება არ არის მიღებული გამომდინარე იქიდან, რომ ამის არანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავთ. პირადად ვფიქრობ, ამის არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. სამართალდამცავი უწყებები მოქმედებდნენ კანონის შესაბამისად.
თუ ადგილი ჰქონდა ცალკეულ გადაცდომებს, რაც გამოიხატებოდა თითოეული პოლიციელის ქმედებაში, ბუნებრივია, ამაზე იქნება რეაგირება. შესაბამისი გამოძიება მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩაერთვება სახალხო დამცველიც. ეს პროცესიც იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. მინისტრის გადადგომაზე საუბარიც არ არის. იმ შემთვევაში, თუ გამოიკვეთება დანაშაულებრივი ქმედებები, მათ შორის რომელიღაც პოლიტიკოსის მხრიდან, ბუნებრივია ის მიეცემა პასუხისგებაში“, – განაცხადა კახიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ იმყოფებოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, კახიანი აცხადებს, რომ ჩუბინიძე საკუთარი ფუნქციის ფარგლებში მოქმედებდა.
„თავისი ფუნქციის ფარგლებში მოქმედებდა ბატონი ანზორი. ის არის სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი და ბუნებრივია, მისი ვალდებულება იყო იქ ყოფნა. მისი ვალდებულება არის ის, რომ იმყოფებოდეს იქ, როდესაც ხდება სახელმწიფო ინსტიტუციაში შეჭრის მცდელობა“, – განაცხადა კახიანმა.