გიორგი კახიანი - საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ნდობის განადგურებაზე საუბარი გადაჭარბებულად მიმაჩნია
პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გიორგი კახიანს დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილის შეფასება გადაჭარბებულად მიაჩნია იმის თაობაზე, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ ხელისუფლების ნდობა გაანადგურა.
როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნამ იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ასეთი ტერმინები გადაჭარბებულია.
„გეთანხმებით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების არმიღებამ გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია როგორც უცხოური მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებში, ასევე ქვეყნის შიგნითაც. პირადად ჩემშიც. იმედგაცრუება მქონდა ინიციატივის ჩავარდნის გამო, რადგან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე მეც ვიყავი. მესმის შედეგიც, რაც კონსტიტუციური ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა, მაგრამ აქციებში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ქვეყანაში უზრუნველყოფილია გამოხატვის თავისუფლება. ზოგადად, ასეთი შეფასება გადაჭარბებად მიმაჩნია, თუმცა ამ ყველაფერმა იმედგაცრუება გამოიწვია. გასაკვირი არ არის, თუ მსგავსი იმედგაცრუება ჩვენს უცხოელ კოლეგებშიც იქნებოდა“, – განაცხადა კახიანმა.