გიორგი კახიანი - საარჩევნო მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება და შემოდგომაზე არჩევნები ახალი მოდელით ჩატარდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, საარჩევნო მიმართულებით საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად განხორციელდება და შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო მოდელით ჩატარდება.
კახიანის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ სამართლებრივი თვალსაზრისით ხელი შეუშალა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცესს, თუმცა მმართველი გუნდი მონდომებულია, რომ კონსტიტუციური ცვლილებები რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.
„როგორც კი, სამართლებრივი თვალსაზრისით ამის შესაძლებლობა მოგვეცემა, კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება გაგრძელდება”, – განაცხადა კახიანმა.
საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსტიტუციური პროექტი უკვე მომზადებულია. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს. პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერ არ გამართულა.