გიორგი კახიანი - „ქართული ოცნების“ სიის პირველ ოცეულში იქნებიან ახალი სახეებიც, რომლებსაც შესაძლოა, პოლიტიკასთან შეხება არ ჰქონიათ
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან, როგორც ძველი, ასევე – ახალი სახეები.
მისივე თქმით, სიის პირველ ოცეულში, რომლის პრეზენტაციას დღეს გაიმართება, იქნებიან ქალი კანდიდატებიც.
„ცხადია, ახლა კონკრეტულ სახელებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ შემადგენლობაში იქნებიან: გამოცდილი პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, „ქართული ოცნების“ ლიდერები. ასევე იქნებიან ახალი სახეები, ის პირები, რომლებსაც შესაძლოა, აქამდე პოლიტიკასთან არ ჰქონიათ შეხება, თუმცა დღეს ისინი ჩვენი გუნდის წევრები გახდნენ და ერთად ვიბრძოლებთ ამ არჩევნებში.
რაც შეეხება კრიტერიუმებს ბუნებრივია, ეს არის გამოცდილება, პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, საქმისადმი პასუხისმგებლობა. საღამოს უკვე საზოგადოება იხილავს „ქართული ოცნების“ სიის პირველ ოცეულს. ეს სია იქნება დაკომპლექტებული იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომ აქ იქნებიან როგორც მოქმედი, გამოცდილი პოლიტიკოსები, ასევე იქნებიან ახალი სახეები. სიაში იქნებიან წარმოდგენილი ქალებიც. ამ ოცეულში, სულ ცოტა, ხუთი ქალი იქნება”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
„ქართული ოცნება“ დღეს საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან ერთად, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაასახელებს.
წარდგენა მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე გაიმართება.