გიორგი კახიანი - პრეზიდენტის წარმომადგენლის ასეთი რიტორიკით ჩრდილი თავად საპრეზიდენტო ინსტიტუტს მიადგება
პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან კვლავ შეურაცხმყოფელი და უპასუხისმგებლო კომენტარი მოვისმინეთ, ასეთი რიტორიკით კი, ჩრდილი თავად საპრეზიდენტო ინსტიტუტს მიადგება, რადგან ეს დამოკიდებულება შეუფერებელია სახელმწიფოს მეთაურისთვის – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის ფიქრია ჩიხრაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
კახიანის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებები არაკვალიფიციური იყო, ხოლო დამოკიდებულება დესტრუქციული.
„მაშინ, როდესაც ჩვენ საზოგადოებასთან არგუმენტებით საუბარს ვცდილობდით, ამის საპირისპიროდ, პრეზიდენტისა და მისი წარმომადგენლების მხრიდან არაკორექტულ და უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენდით.
სამწუხაროა, რომ ანალოგიური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის მიმართ დღესაც ვიხილეთ.
პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული დღევანდელი საჯარო შეხვედრა დიალოგის წარმართვისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების კიდევ ერთი მცდელობა იყო“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.