გიორგი კახიანი - პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება მოხერხდა და მუდმივმოქმედ დელეგაციებში ახალი კვოტები დავამტკიცეთ
პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება მოხერხდა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მუდმივმოქმედ დელეგაციებში ახალი კვოტები დაამტკიცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე ვალდებული იყო, მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტები განესაზღვრა.
„ეს არის 11 საპარლამენტო დელეგაცია და აღნიშნული საკითხი ყოველთვის გარკვეულ სენსიტივთან არის დაკავშირებული. თუმცა, მინდა გითხრათ, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მოხერხდა შეთანხმება და კომიტეტმა დაამტკიცა ახალი კვოტები, რომელსაც წარუდგენს ბიუროს. საბოლოოდ, ბიურო გადაწყვეტს ამ კვოტებს. ყოველთვის არის დელეგაციები. ესა თუის პოლიტიკური ჯგუფები ითხოვენ დელეგაციებში კვოტებს, მაგრამ რეალობა არის ისეთი, რომ საქართველოს პარლამენტში არის 12 ასეთი სუბიექტი, ფრაქციები და დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები. დელეგაციებში, სადაც არის სამი-ოთხი ადგილი, ბუნებრივია, შეუძლებელია, 12 სუბიექტს, ყველას შეხვდეს ადგილი. ამიტომ, ყოველთვის ხდება, რომ რომელიმე სუბიექტი არ იყოს წარმოდგენილი ამა თუ იმ დელეგაციაში. თუმცა საბოლოო ჯამში, ვცდილობთ, პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე მოხდეს კვოტების გადანაწილება და იმავდროულად იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ დაცული იყოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობა კვოტებში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი განმარტებით, კვოტები გულისხმობს ფრაქციების უფლებას, იყვნენ წარმოდგენილი ამა თუ იმ დელეგაციაში, ხოლო ვის წარმოადგენენ ფრაქციები დელეგაციებში, მათი გადასაწყვეტია.
„დელეგაციების შემადგენლობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის შემდეგ.