გიორგი კახიანი - პიარსამსახური ნებისმიერ პარტიას ჰყავს და მე თუ მკითხავთ, არ გვაწყენდა ამ მიმართულებით უფრო გაძლიერება
პიარსამსახური ნებისმიერ პარტიას ჰყავს და მე თუ მკითხავთ, ჩვენ არ გვაწყენდა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერება, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.
„მგონია, რომ ჩვენდა სამწუხაროდ, მოსახლეობას ვერ ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას განხორციელებული საქმიანობისა და იმ სიკეთეების შესახებ, რაც სახელმწიფოში ხდება. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ჩვენს თავს და თითს არავისკენ ვიშვერ. უბრალოდ, ნეგატივი, არასამართლიანი, არაობიექტური ინფორმაცია, რომელიც მედიასივრციდან მოდის, ბევრად ჭარბობს ჩვენს მცდელობას, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ სიკეთეების, პოზიტივის შესახებ, რაც კეთდება. ეს ჩვენი მნიშვნელოვანი გამოწვევაა“, – განაცხადა კახიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რაზე მიმდინარეობს გუნდის შიგნით კონსულტაცია, იმაზე, რომ არ გავრცელდეს ნეგატიური ინფორმაცია, რაც მმართველი გუნდის შესახებ ვრცელდება და ეს დაქირავებულმა უცხოურმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, თუ იმაზე, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობაში არსებული პრობლემები მოგვარდეს, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი ამოცანა საზოგადოებამდე სიმართლის სწორად მიტანაა და არა ნეგატივის წინააღმდეგ ბრძოლა.
„დღეს, რეალურად, გვაქვს მოცემულობა და მედია სივრცე არის იმდაგვარი, რომ მედიასაშუალებები ან ოპოზიციურად განწყობილია, ან არის მეორე ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად ცდილობს, ობიექტურობა შეინარჩუნოს. ამ ოპოზიციურობაში ვგულისხმობ არაობიექტურ და უსამართლო ოპოზიციას. მე ასე ვხედავ და მგონია, რომ სწორ შეფასებას ვაკეთებ. ძირითადად, მედია საშუალებებიდან ნეგატივი მოდის და შეიძლება, საზოგადოებას ყველაფერი, ნებისმიერი ფაქტი ნეგატივში მიეწოდოს“, – განაცხადა კახიანმა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, შესაძლოა, ამ ყველაფერში, ერთი მხრივ, პოზიტივი დავინახოთ, რომ ქვეყანაში მედიაპლურალიზმი და აზრის გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია, მაგრამ როცა მედიასაშუალებებიდან მუდმივად ნეგატივი მოდის, ეს ხელისუფლებისთვის სასურველი მოვლენა არ არის.
„ბუნებრივია, პირველ რიგში, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ საზოგადოებამდე სწორი ინფორმაციის მიტანა რამენაირად მოვახერხოთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.