გიორგი კახიანი - პარტიებისადმი მოწოდებებით და დამოკიდებულების გამოხატვით, პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურს
პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებაში როცა აკეთებს მოწოდებებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც კახიანმა აღნიშნა, კონსტიტუციის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულება მიუღებელია.
„კონსტიტუციით მიხედვით, პრეზიდენტს პარტიული კუთვნილება ეკრძალება, რადგან კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს აღიარებს, როგორც პარტიულად ნეიტრალურ ინსტიტუტს. როცა პრეზიდენტი პარტიებთან მიმართებაში აკეთებს მოწოდებებს და გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პარტიასთან მიმართებაში, ამით არღვევს კონსტიტუციის იმ ნორმას, რომელიც მას პარტიული თვალსაზრისით ნეიტრალიტეტს ავალდებულებს.
სამწუხაროდ, პრეზიდენტისგან მივეჩვიეთ, რომ ის ხშირად არღვევს კონსტიტუციის ნორმებს, ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გამოვლინდა. სამწუხაროდ, არის სხვა შემთხვევებიც, როცა პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევეს. ფაქტია, რომ მას პრეზიდენტად ყოფნა დიდხანს არ დარჩენია და მისი ასეთი დამოკიდებულება კონსტიტუციასთან მიმართებაში მიუღებელია“, – განუცხადა გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს და კონსულტაციებისთვის ორბელიანების სასახლეში ეპატიჟება.