გიორგი კახიანი - პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი კახიანის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის წევრთა შემადგენლობის წარდგენამდე, უმრავლესობაში კონსულტაციები გაიმართება.
როგორც კახიანი აცხადებს, კონსულტაციები უახლოეს დღეებში იქნება. მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატების დასახელება პრემიერ-მინისტრის კანდიდატის, გიორგი გახარიას პრეროგატივაა.
კახიანის განცხადებით, პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს.
„არჩევნებამდეც ვთქვით, რომ პარლამენტში უმრავლესობით წარმოდგენის შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნებოდა გიორგი გახარია. დღეს, უკვე მისი კანდიდატურა უმრავლესობის მიერ ოფიციალურად დასახელდა. ამის შემდეგ გიორგი გახარია მთავრობის წევრთა შემადგენლობას პარლამენტს წარუდგენს ნდობის მისაღებად, თუმცა ვიდრე ამ შემადგენლობის წარდგენა მოხდება, უმრავლესობასთან კონსულტაციები იქნება. ეს ამ კვირაშივე, უახლოეს დღეებში იქნება. ვიმსჯელებთ კონკრეტულ კანდიდატურებზე, თუმცა მინისტრების დასახელების პრეროგატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას.
რაც შეეხება საკითხს, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული მინისტრები, ცხადია, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. ძალიან მალე გახდება ცნობილი ეს საზოგადოებისთვის. თუმცა, პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებს უმრავლესობის შეკრება. პრემიერობის კანდიდატს ერთკვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. თუმცა, ეს ბევრად უფრო ადრე შეიძლება, მოხდეს“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს წარუდგინა.