გიორგი კახიანი - პარლამენტში ანგარიშის წარდგენაზე პრეზიდენტის პასიურობა გარკვეულ კითხვებს აჩენს
ქვეყნის უმაღლესს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლის თარიღი კვლავ უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ დრომდე არ ფლობენ ინფორმაციას იმის თაობაზე, ქვეყნის პირველი პირი როდის წარადგენს ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
პირველ არხთან საუბარში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვარაუდობს, რომ გიორგი მარგველაშვილი ანგარიშის წარსადგენად შესაძლოა, მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს ელოდება.
„ვერ გეტყვით, პრეზიდენტს რა პოლიტიკური ჩანაფიქრი აქვს. შესაძლოა, ეს წინასაარჩევნო პერიოდსაც უკავშირდებოდეს. შეიძლება, მისთვის პოლიტიკურად უფრო ხელსაყრელ დროს ელოდება, თუმცა ერთია, პოლიტიკური მიზანშეწონილობა და მეორეა ვალდებულება, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. კანონმდებლობაში გარკვევით გაწერილია პროცედურა, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მხრიდან ანგარიშის წარდგენა პირველივე სხდომაზე ხდება, გარკვეულ შემთხვევაში კი, სხვა დროსაც შეიძლება მოხდეს. ჩვენი მზადყოფნის მიუხედავად, პრეზიდენტის მხრიდან პასიურობა შეიმჩნევა“, – აცხადებს დეპუტატი.
რეგლამენტის მე-200 მუხლის გათვალისწინებით, პარლამენტი, როგორც წესი, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს ისმენს. საგაზაფხულო სესია 6 თებერვალს გაიხსნა და პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა არ შემდგარა, რის ოფიციალურ მიზეზადაც საზღვარგარეთ მისი ვიზიტები დასახელდა, თუმცა ამის შემდეგ მმართველ გუნდსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა.
გიორგი კახიანი ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ანგარიშის მოსასმენად მზად არის. „არაერთხელ ვთქვით, რომ როცა პრეზიდენტის მხრიდან მზადყოფნა იქნება, მზად ვართ, მოვუსმინოთ. წესით, ეს საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში უნდა მომხდარიყო, თუმცა პრეზიდენტის მხრიდან არ ყოფილა გამოხმაურება და სურვილი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტის წინაშე წარმდგარიყო. მზად ვართ, ნებისმიერ დროს მოვუსმინოთ, როცა ეს პრეზიდენტისთვის იქნება ხელსაყრელი და, რა თქმა უნდა, დრო პარლამენტზეც იქნება მორგებული“, – აცხადებს კახიანი.
დეპუტატი უცნაურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის მხრიდან საკითხზე გამოხმაურება ამ დრომდე არ არის.
„მისი მხრიდან ანგარიშის წარდგენა კანონდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა. მაშინ, როდესაც ჩვენი მხრიდან მზადყოფნა გაცხადებულია, ამ ფონზე პრეზიდენტის პასიურობა გარკვეულ კითხვებს აჩენს“, – დასძენს კახიანი.
პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გასულ წელს, 7 აპრილს წარდგა და მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ადგილსამყოფელზე გაამახვილა ყურადღება. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებთან ერთად დაესწრო.