გიორგი კახიანი - ოპონენტები საუბრობენ, თითქოს შესაძლებელია, ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს, ეს არის ტყუილი და ემსახურება საზოგადოებაში გარკვეული შიშის გაჩენას
ევროპარლამენტარებმა, რომლებიც არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები, რეზოლუციაში ახსენეს ვიზალიბერალიზაცია, რათა საზოგადოებაში შიში გაჩენილიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
„ვიზალიბერალიზაციის მისაღებად ქვეყანაში უამრავი რეფორმა გატარდა და სწორედ ამ რეფორმების შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს თავისუფალი სავიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. შესაბამისად, როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ საფრთხეზე, თითქოს შესაძლებელია ვიზალიბერალიზაცია გაუქმდეს, ეს არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. როგორც ვიზალიბერალიზაციის მიღებას ჰქონდა თავისი წესი, ასევე შეჩერების პროცედურაც არის ძალიან მკაცრად გაწერილი და თავისი წესი გააჩნია.
ევროპარლამენტარების კონკრეტულმა ჯგუფმა, რომელიც რეალურად არის „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტი, მოახერხა რეზოლუციაში ასეთი ტექსტის ჩადება. ეს ემსახურებოდა საზოგადოებაში გარკვეული შიშის გაჩენას, ხომ არ ხდება ვიზალიბერალიზაციის შეჩერება. ასევე, თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ პოლიტიკურ ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც ამას ხელიდან არ გაუშვებდნენ“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.