გიორგი კახიანი - ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტი იყოს, თავად უხეშად არღვევს კონსტიტუციას, სასამართლოსთვის მიმართვა სწორი გადაწყვეტილება იყო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დაცვის გარანტი იყოს, თავად უხეშად არღვევს კონსტიტუციას და ეს რამდენჯერმე მოხდა.
კახიანის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა სწორი გადაწყვეტილება იყო.
„დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ პრეზიდენტის ქმედებები არაკონსტიტუციურია, მათთვისაც კი გასაგები გახდება, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. აპელირება, თითქოს პრეზიდენტის ქმედება კონკრეტულ მიზანს ემსახურება, არასწორია. კონსტიტუციის 78-ე მუხლი პრეზიდენტს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე იმოქმედოს. მას საერთაშორისო მოლაპარაკებებში მთავრობის თანხმობით შეუძლია მონაწილეობა. აქედან გამომდინარე, ის არაკონსტიტუციურად მოქმედებს. შეფასება, თითქოს 78-ე მუხლით პრეზიდენტის მოქმედება კონსტიტუციურია, სწორი არ არის“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.