გიორგი კახიანი - ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, იმედი მაქვს, ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული
ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ევროკავშირის ყველა რეკომენდაცია ჩვენ მიერ სრულად იქნება შესრულებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ქვეყანას მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
„საზოგადოება ხედავს იმ ვიზიტებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღე ევროპის ქვეყნების სხვადასხვა წარმომადგენელთან იმართება და ესეც არის იმის ერთი მცდელობა, რომ ჩვენმა ევროპელმა მეგობრებმა მართლაც გაიგონ, რომ ჩვენ ვართ კანდიდატის სტატუსისთვის მზად. იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველ შემთხვევაში, როდესაც კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, ჩვენი გადასახედიდან ესეც პოლიტიკური, უსამართლო გადაწყვეტილება იყო. იმედი მაქვს, ამჯერად მიიღებენ სამართლიან გადაწყვეტილებას და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.