გიორგი კახიანი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩევის წესს განმარტავს
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ეკა ბესელია ოფიციალურად დატოვებს და კომიტეტს არც პირველი მოადგილე ეყოლება, დღის წესრიგში დადგება საკითხი, ვინ შეასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას.
კახიანი ამბობს, რომ კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი შეიძლება იყოს რიგითი მოადგილე და ამის თაობაზე გადაწყვეტილებას კომიტეტის სიითი უმრავლესობა მიიღებს.
ამასთან, კახიანი განმარტავს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს 76 მომხრე ხმით პლენარულ სხდომაზე ირჩევენ, ხოლო თავმჯდომარეს პირველი მოადგილის დასახელების უფლება აქვს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკა ბესელიამ დღეს დატოვა, პირველი მოადგილის პოსტიდან კი ვანო ზარდიაშვილი წავიდა.
კომიტეტის თავმჯდომარეს ამ დროისთვის ორი მოადგილე ჰყავს – უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გელა მიქაძე.