გიორგი კახიანი - ირაკლი შოთაძის პროკურორობას სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი საქმის გახსნა უკავშირდება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის შეფასებით, გენერალური პროკურორის არჩევის მსგავსი პროცესი, როგორც ეს დღეს მოხდა, არასდროს არ წარმართულა.
გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ პროცესი იყო გამჭვირვალე და ეს გამჭვირვალობა იმის გარანტი უნდა იყოს, რომ ღირსეული გენერალური პროკურორის არჩევა მოხდეს.
„გასაუბრებას საზოგადოება ისმენდა. საპროკურორო საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომ შოთაძის კანდიდატურა წარუდგინოს პარლამენტს. ეს გასაგებია, რადგან მისი გასაუბრებაც საკმაოდ კარგად წარიმართა და ის არის ამ საქმის პროფესიონალი. ირაკლი შოთაძეს პროკურატურაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მის პროკურორობას უკავშირდება სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებული არაერთი საქმის გახსნა, რაც მის სასარგებლოდ მოქმედებს. პარლამენტში გამჭვირვალე პროცესი გველის, როცა მისი მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოხდება და კითხვების დასმის შესაძლებლობა იქნება. პარლამენტი გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საპროკურორო საბჭომ ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძე შეარჩია.