გიორგი კახიანი - იმპიჩმენტის მექანიზმის გამოყენების უმთავრესი მიზანია პრეცედენტის შექმნა, ეს იქნება გარკვეული პრევენციაც, რათა მომავალში თავში აზრად არავის მოუვიდეს კონსტიტუციის დარღვევა
გიორგი კახიანი - იმპიჩმენტის მექანიზმის გამოყენების უმთავრესი მიზანია პრეცედენტის შექმნა, ეს იქნება გარკვეული პრევენციაც, რათა მომავალში თავში აზრად არავის მოუვიდეს კონსტიტუციის დარღვევა

მიუხედავად იმისა, რომ სამი დღის განმავლობაში საზოგადოებამ საკმაოდ სერიოზული დისკუსია იხილა, რეალურად, გადასაწყვეტი საქმე არის უმარტივესი საკითხი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ჩვენ გვიწევდა მსჯელობა ელემენტარულ ანაბანაზე, რომელიც კონსტიტუციურ სამართალშია დამკვიდრებული. არაერთხელ იყო ნახსენები, რომ ასეთი საკითხები სტუდენტებისთვის პირველ კურსზე ისწავლება და ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, კონსტიტუციური წარდგინება ეხებოდა სამ ეპიზოდს – პრეზიდენტის ვიზიტებს გერმანიაში, ოფიციალურ შეხვედრებს, რომელიც მას ჰქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, შემდგომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან და წარდგინებაში ნათქვამი იყო, რომ ასეთი ვიზიტებით პრეზიდენტმა კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები დაარღვია.

ამასთან, კახიანმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციის 49-ე მუხლი, ზოგადად, პრეზიდენტის სტატუსს განსაზღვრავს, ხოლო როგორ ახორციელებს ის თავის უფლებამოსილებას, ეს ცალკე მუხლით არის განსაზღვრული და, მაგალითად, საგარეო ურთიერთობების ნაწილში, 52-ე მუხლში საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი სარგებლობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებებით, ანუ ის ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს და დებს ხელშეკრულებებს, ოღონდ ამ ყველაფერს აკეთებს მთავრობის თანხმობით.

„ეს არის ძალიან მარტივი ფაბულა, ელემენტარული ლოგიკაა, რაზეც არის აგებული კონსტიტუციური თვალსაზრისით მოწყობა პრეზიდენტის უფლებამოსილებების. ჩვენი ლოგიკა იყო ეს და პრეზიდენტის წარმომადგენლების პოზიცია იყო, რომ ნორმა, რომელიც სტატუსს განსაზღვრავს, სტატუსის განმსაზღვრელი ნორმა კი არ არის, სინამდვილეში, უფლებამოსილებებს ანიჭებსო. ამ უმარტივეს ფორმულაზე იყო საუბარი და ამაზე ვდავობდით მთელი სამი დღის განმავლობაში “, – განაცხადა კახიანმა.

გიორგი კახიანმა ასევე განაცხადა, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი არის მხოლოდ მთავრობა და იმავდროულად, კონსტიტუცია ეუბნება მთავრობას, რომ ის არის პასუხისმგებელი შედეგებზე, რომლებიც საგარეო პოლიტიკის ნაწილში დადგება.

„ამის პარალელურად, კონსტიტუცია პრეზიდენტს ეუბნება – შენც შეგიძლია, მიიღო მონაწილეობა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები განახორციელო, მოლაპარაკებები აწარმოო და ხელშეკრულებები დადო, ოღონდ ამისთვის მთავრობის თანხმობა უნდა გქონდეს, იმიტომ, რომ შენ არ ხარ პასუხისმგებელი იმაზე, რა შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ამაზე პასუხისმგებელი არის მთავრობა და, ბუნებრივია, როდესაც მთავრობაა რაღაცაზე პასუხისმგებელი, ის თანხმობას მისცემს პრეზიდენტს იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ მისი მონაწილეობა ამ პროცესში სარგებლის მომტანი შეიძლება იყოს, მაგრამ როდესაც ამის საწინააღმდეგოს ვხედავთ და პრეზიდენტის განცხადებები რადიკალურად უპირისპირდება ჩვენს გაცხადებულ პოზიციებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში თანხმობა არ გაიცემა“, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის უზენაესობა არის ერთ-ერთი უზენაესი ღირებულება, რომლის გარეშეც სამართლებრივ-დემოკრატიული სახელმწიფო არ არსებობს, პრეზიდენტი, პირველ რიგში, თავად უნდა იყოს იმის გარანტი, რომ კონსტიტუცია დაიცვას და როდესაც მის მიერ კონსტიტუციის დარღვევებმა უხეში, სისტემატური ხასიათი მიიღო, ამაზე თვალის დახუჭვა ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იქნებოდა.

„იმპიჩმენტის მექანიზმის გამოყენების უმთავრესი მიზანი რა არის? ის, რომ ჩვენ ვამბობთ, ერთია და ამას ვასაბუთებთ კიდეც, მაგრამ სულ სხვა პრეცედენტი იქნება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის თავისი გადაწყვეტილებით, ეს არის დარღვევა და ასეთი პრეცედენტი რომ შეიქმნება, რა თქმა უნდა, ეს იმავდროულად გარკვეული პრევენციაც იქნება, რათა მომავალში არავის თავში აზრად არ მოუვიდეს კონსტიტუციის დარღვევა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.