გიორგი კახიანი - გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება თანამდებობის გადაბარების მიმართ არის ცივილური პროცესი, როგორ უნდა ხდებოდეს ინსტიტუციის ერთი პირიდან მეორეზე გადაბარება
გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება თანამდებობის გადაბარების მიმართ არის ცივილური პროცესი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ინსტიტუციის ერთი პირიდან მეორეზე გადაბარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე კომენტარისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს არის დემოკრატიული პროცესი. ისეთი მოვლენა, როდესაც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამას უნდა ჰქონდეს ამგვარი ცივილური ხასიათი და არა ისეთი, როგორც სამწუხაროდ იქცევა დღეს ოპოზიცია. მათ არ უნდათ, აღიარონ არჩევნების შედეგები, თავიანთი დამარცხება იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივად მთელმა მსოფლიომ არჩევნები აღიარა და ქალბატონ სალომეს ულოცავენ პრეზიდენტობას.
მისასალმებელია ასევე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ. ეს არის ცივილური პროცესი, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ინსტიტუციის ერთი პირიდან მეორე გადაბარება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
გიორგი მარგველაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის პირისპირ შეხვედრა ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში დღეს შედგა.
ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს.