გიორგი კახიანი - გედევან ფოფხაძეს პირველი მოადგილეობა მივულოცე, თუმცა მივიჩნევ, რომ მისი არჩევისას პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების პროცედურა რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას რაიმე იურიდიული შედეგი არ ექნება, თუმცა მიიჩნევს, რომ გედევან ფოფხაძის არჩევისას გარკვეული პროცედურების დარღვევას ჰქონდა ადგილი.
„გედევან ფოფხაძე შემხვდა, მივულოცე თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა. მიუხედავად იმისა, რომ მივიჩნევდი, გარკვეულ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი. ჩემი კომენტარი სამართლებრივი შედეგის მატარებელი ვერ იქნება კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ, ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ პროცედურა, როდესაც სამი კანდიდატურის დასახელება მოხდა, არ შეესაბამება რეგლამენტის მოთხოვნებს. რეგლამენტის მიხედვით, ერთ კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა არსებობს”, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, ამ საკითხებზე სხვების მოსაზრებაც მოისმინა და დარწმუნდა, რომ რეგლამენტის ეს ნაწილი სწორად განმარტა.
„ჩემი აზრი არის ის, რომ როდესაც თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე არის საუბარი, ამ შემთხვევაში ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება, ეს ლოგიკურიც არის, რადგან მოგეხსენებათ, რომ თავმჯდომარის პრეროგატივა და მისი დისკრეციაა პირველი მოადგილის კანდიდატურის შეთავაზება. თუ თეორიულად ხდება ისე, რომ თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ კანდიდატს არ უჭერს კომიტეტი მხარს, ასეთ შემთხვევაში შეუძლია, ახალი კანდიდატურა დაასახელოს და ეს პროცედურა მანამდე გაგრძელდეს, ვიდრე არ იქნება პირველი მოადგილე არჩეული”, – განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე დღეს აირჩიეს.