გიორგი კახიანი - „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მტვერსასრუტივით შეისრუტა
გიორგი კახიანი - „ევროპული საქართველო“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მტვერსასრუტივით შეისრუტა

„ევროპული საქართველოს“ მიერ „ნაციონალური მოძრაობიდან“ თითქოსდა წამოსვლა ფიქცია იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა, გიორგი კახიანმა განუცხადა.

მისი შეფასებით, რეალურად, აღნიშნული ორი პარტია ერთი გუნდია.

„ფაქტია, რომ „ევროპული საქართველოს“ მხრიდან თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ თითქოსდა წამოსვლა ფიქცია იყო. სინამდვილეში, ეს არის ერთი გუნდი. თუ ისინი ვერ ხვდებიან თავიანთი ქმედებით რა ზიანი მიაყენეს „ევროპულ საქართველოს“, ეს არის პოლიტიკური სიბრიყვე. დღეს „ევროპული საქართველო“ მტვერსასრუტივით შეისრუტა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამას უნდა ათვითცნობიერებდნენ და დარწმუნებული ვარ, ათვითცნობიერებენ კიდეც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად არსად წასულან, ყოველთვის იქ იყვნენ და ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, როგორც ჩანს, ამ შედეგსაც შეგუებული არიან“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“.