გიორგი კახიანი - ერთადერთი რამ, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ემსახურება, არის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ვეძახით გამჭვირვალობას და საჯაროობას
გააკეთეს ბანერი, რომელსაც დააწერეს „არა რუსულ კანონს“ და ბანერზე არის რუსული კანონის ტექსტი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საზოგადოების მოტყუება, რადგან რუსულსა და ქართულ კანონებს შორის არსებობს ძალიან დიდი განსხვავება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი რამ, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ემსახურება, არის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რაც გულისხმობს გამჭვირვალობასა და საჯაროობას.
„ვხედავთ, რომ ყველანაირი ხერხებით იბრძვიან გამჭვირვალობის წინააღმდეგ და ყველაფერს კადრულობენ ზოგიერთები. ჩვენ ასეთი შემთხვევაც ვნახეთ, რომ გააკეთეს ბანერი, რომელსაც დააწერეს „არა რუსულ კანონს“ და ბანერზე არის რუსული კანონის ტექსტი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, საზოგადოების მოტყუება, რადგან განსხვავება არსებობს ძალიან დიდი რუსულსა და ქართულ კანონებს შორის. პირველი განსხვავება ეს არის ის, რომ რუსული კანონი ეხება როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს, ქართული კანონი კი ფიზიკურ პირთან მიმართებით არანაირ რეგულაციებს არ შეიცავს და არ ეხებათ; მეორე – რუსული კანონი ადგენს მთელ რიგ აკრძალვებს მათთვის, ვისზეც ვრცელდება ეს კანონი. ქართული კანონის მიხედვით კი, აკრძალვები, როგორც ასეთი, არ დგინდება, დგინდება ერთადერთი ვალდებულება იმისა, რომ შესაბამისმა ორგანიზაციამ მოახდინოს ფინანსური ანგარიშგების დეკლარირება; მესამე – რუსული კანონის მიხედვით, დგინდება მძიმე პასუხისმგებლობები, მათ შორის სისხლის სამართლის. მაშინ როდესაც გამჭვირვალობის შესახებ ქართული კანონის მიხედვით, ერთადერთი სანქცია, რაც შეიძლება განხორციელდეს, ეს არის ფინანსური სანქცია, ისიც ერთადერთ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს დეკლარაციას.
მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდოს სწორი ინფორმაცია, რადგან როდესაც საზოგადოებას კანონთან მიმართებით ექნება სწორი ინფორმაცია, ბუნებრივია, არც არანაირი სურვილი გაუჩნდება ვინმეს, რომ რაიმე საპროტესტო აქციებში მიიღოს მონაწილეობა. ერთადერთი რამ, რასაც ეს კანონი ემსახურება, არის საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც ჩვენ ვეძახით გამჭვირვალობას და საჯაროობას“, – განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც დეზინფორმაციის გავრცელების მასობრივი მცდელობაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლების აქტიურობა საზოგადოების სწორი ინფორმირების თვალსაზრისით.