გიორგი კახიანი - ეკა ბესელია ჩვენი გუნდისთვის ძალიან დასაფასებელი წევრია და ვისურვებდი, რომ დარჩეს „ქართულ ოცნებაში“
არც ერთ შეხვედრაზე არასდროს ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს ფრაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, ბევრი რამ დამოკიდებულია თავად ეკა ბესელიაზე და მის მოქმედებებზე, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ეკა ბესელია ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან დასაფასებელი წევრი და ვისურვებდი, რომ დარჩეს „ქართულ ოცნებაში“. რაც ჩვენ განცხადებაში ამოვიკითხეთ, ეს არის ის, რომ თავის დროზე, ჯერ კიდევ ზაფხულში ასეთი გადაწყვეტილების მიღება უკავშირდებოდა გარკვეულ სირთულეებს, რომელიც მაშინ არსებობდა „ქართულ ოცნებაში“ და რაც იყო მიზეზი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების. ამის იქით კონკრეტულ დეტალებზე არ ვისაუბრებ, ეს შიდაპარტიული თემებია“, – განაცხადა კახიანმა.
ამასთან, გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოსთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენის გარკვეული კრიტერიუმების დადგენაზე პარლამენტი აუცილებლად იმსჯელებს.
„უახლოეს პლენარულ სხდომაზე დავიწყებთ განხილვებს, კონკრეტული კანონპროექტიც შეიძლება იყოს ინიცირებული. ყველა ვთანხმდებით, რომ გარკვეული კრიტერიუმების არსებობა აუცილებელია“, – განაცხადა კახიანმა.